იემენის კრიზისი

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ იემენში ოპერაცია წარმატებით დასრულდა

CNN.COM

კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით იემენში საჰაერო ოპერაციას წყვეტს, რადგან მისი მიზნები მიღწეულია. ოპერაცია - გადამწყვეტი შტორმი მეამბოხეების წინააღმდეგ და ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდასაჭერად - ერთ თვეს გრძელდებოდა. საუდის არაბეთის სარდლობა აცხადებს, რომ ოპერაცია იემენის პრეზიდენტის თხოვნით შეწყდა. 

"მიგვაჩნია, რომ ოპერაცია გადამწყვეტმა შტორმმა თავის მიზნებს მიაღწია, დაიცვა იემენში კანონიერება და იემენელები არსებულ საფრთხეებისგან. ჰუსიტების ფორმირებებმა საკუთარი პოტენციალის დიდი ნაწილი დაკარგეს და იემენის მეზობლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. ამის შემდეგ ვიწყებთ ოპერაციას - იმედის დაბრუნება, რომელიც პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო ქმედებებს გულისხმობს", - განაცხადა ბრიგადის გენერალმა აჰმედ ალ ასირმა.

იემენში კი სამთავრობო ძალებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეების დაპირისპირება გრძელდება. ჰუსიტებმა იანვარში ქვეყნის დედაქალაქი დაიკავეს, მარტის ბოლოს კი ქვეყნის დატოვება პრეზიდენტ მანსურ ჰადის მოუხდა. მეამბოხეები დედაქალაქს კვლავაც აკონტროლებენ, პრეზიდენტმა კი, კოალიციის დახმარების მიუხედავად, ქვეყანაში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ შეძლო.

იემენის სანაპიროსთან, ადენის ყურეში შეერთებულმა შტატებმა სამხედრო გემები და ავიამზიდი "თეოდორ რუზველტი" მიავლინა, რომელთა ამოცანა სამოქალაქო ნაოსნობის დაცვა და ირანის მიერ იემენელ მეამბოხეთა მხარდაჭერის აღკვეთაა.

კომენტარები