დაპირისპირება გურჯაანში

ნადირაშვილი: პრემიერი დაპირისპირების გაღვივებით დაკავებული არ უნდა იყოს

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პრემიერი დაძაბულობისა და დაპირისპირების გაღვივებით დაკავებული არ უნდა იყოს - ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირმა ნადირაშვილი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გურჯაანში განვითარებულ პროცესებზე გაკეთებულ შეფასებებს. ამის შესახებ ნადირაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში ისაუბრა, სადაც ის გურჯაანიდან ჩაერთო.

"ბატონმა გედევანმა თავი შეიკავა, რომ პრემიერმინისტრის პოზიცია შეეფასებინა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არ იწონებს, რაც აქ მოხდა და პრემიერმინისტრმაც უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის, როდესაც ესეთი განცხადებით გამოვა და წააქეზებს კვერცხების სროლას და ამგვარ ქმედებას, ის იწვევს ქვეყანაში დაპირისპირებას, დაძაბულობას და აღვივებს ზიზღის ენას. ეს არ არის პრემიერმინისტრის საქმე. ეს არის უმსგავსო საქციელი და ირაკლი ღარიბაშვილი ამით არ უნდა იყოს დაკავებული.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორია ის ფორმა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ კომისია შექმნა და ასე აპირებს ნეპოტიზმზე და კორუფციაზე საუბარს, ეს არის მთლიანად ენმ-ს საკითხი, ჩვენი პარტიული საკითხი და ჩვენ როგორ გადავწყვეტთ, ეს არის აბსოლუტურად ჩვენი საქმე", - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის გამგეობაში ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს კაბინეტის დაცლა მოსთხოვეს. ღვინიაშვილმა ამაზე უარი თქვა, რის გამოც, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მისი ძალით გაყვანა სცადეს და ოპოზიციას კვერცხებიც ესროლეს. ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში ოპოზიციის მიერ დაფუძნებულმა ანტიკორუფციულმა კომისიამ დაიწყო ფუნქციონირება. სწორედ ამას უკავშირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას შენობის დაცლასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები