ინფრასტრუქტურის მინისტრი

თარხნიშვილი: დავით შავლიაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი

ლევან თარხნიშვილი
თეორემა / ტაბულა

დავით შავლიაშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან გადადგომას ენმ-ის წევრი ლევან თარხნიშვილი გამოეხმაურა. ის მიიჩნევს, რომ შავლიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სფეროს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი იყო.

"დავით შავლიაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სფეროს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი, რომელსაც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვამხელდით. მისი სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა ის სფეროები, რომლებშიც ათობით მილიონი საბიუჯეტო თანხები გაიფლანგა. მაგალითად, წყლის ინდუსტრია, რომელშიც ორნახევარმილიონამდე თანხა გაიფლანგა და მიუხედავად ამისა, საქართველოს ათობით სოფელში დღეს სასმელი წყალი ან არ არის ან შეზღუდვებით მიეწოდებათ.

ასევე არის გზის საფარის მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები, ესეც არის ის სფერო, სადაც ასობით მილიონი საბიუჯეტო თანხები გაიფლანგა. რეგიონალური განვითარების პროექტები და სოფლის პროექტები, რომლებშიც ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა და არაფერი გაკეთებულა.

მიუხედავად იმ უმსგავსობებისა, რომელსაც ხელისუფლება ჩადის, მაგალითად, დღეს გურჯაანში, ეს ფაქტები მათ არ შერჩებათ და ასეთივე ბედი მოელის ყველა იმ ადამიანს, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმშია ჩაბმული. არსებობს ფაქტები, რომელიც ბატონი დავითის დანაშაულს ამხელს და ვითომდა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგომით, ეს არ უნდა შემოიფარგლოს", - თქვა თარხნიშვილმა.

დავით შავლიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერმინისტრს დღეს მიმართა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. შავლიაშვილს მისი მოადგილე და ქართუ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის.

კომენტარები