ინფრასტრუქტურის მინისტრი

შავლიაშვილს ქართუ ბანკის ყოფილი დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის

ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილს მისი მოადგილე და ქართუ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"მას აღმოუჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება, თანდაყოლილი, როგორც ჩანს, დეკემბერში გამოვლინდა. მაშინ ჰქონდა პირველი შეტევა. მან რამდენჯერმე მომმართა თხოვნით, გადამდგარიყო, მაგრამ მაშინ საქართველოში იყო საკმაოდ რთული ვითარება გამომდინარე ახალი გამოწვევებიდან, გამომდინარე ლარის დევალვაციიდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველი კვარტალი დასრულებულიყო ძალიან წარმატებულად. სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო, არ გადამდგარიყო. ეს პირველი კვარტალი მან მართლაც წარმატებით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 107%-იანი შესრულება ჰქონდა მის სამინისტროს, ეს მისი დამსახურებაა. მისი თხოვნა მე გავიზიარე. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მეწყინა მისი გადადგომა. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ვეღარ ვთხოვდი, რომ დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა. იმიტომ, რომ ეს მის ჯანმრთელობას შეეხებოდა. დღეს მქონდა უკვე გუნდის შიგნით კონსულტაციები. მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ახალი მინისტრი იქნება ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი", - თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შავლიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერს დღეს მიმართა.

კომენტარები