25 მარტს 100 წელი გავა მას შემდეგ, რაც სამყაროს ჯონ ჯეიმს კავპერვეითი მოევლინა. ადამიანი რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული თანამედროვე ჰონგ კონგის წარმატება. ერთი შეხედვით ჰონგ-კონგის მსგავს თავისუფალ ეკონომიკებს არქიტექტორი არ უნდა ჰყავდეთ, სოციალისტური ეკონომიკები კი ათწლეულებია სწორედ არქიტექტორთა სიმრავლით გამოირჩევიან. ამის მიუხედავად ფაქტია, რომ ჯონ ჯეიმს კავპერვეითის ხელმძღვანელობით ჰონგ კონგმა თავისუფალი ეკონომიკა შექმნა - დაბალი გადასახადებით, თავისუფალი ბაზრითა და ნაკლები სახელმწიფო ჩარევით.
ასეთი არქიტექტორი შესაძლოა თანამედროვე ქართულ ეკონომიკასაც ჰყავდეს - 20 აპრილი კახა ბენდუქიძის დაბადების დღეა - ქართველი რეფორმატორი 59 წლის გახდებოდა. ბენდუქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მის მიერვე დაფუძნებულ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში კვირეული გაიმართება - 7 დღის განმავლობაში ბენდუქიძის მეგობრები, თანამშრომლები და თანამოაზრეები საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მის პროექტებზე ისაუბრებენ.
ზოგადად, საქართველოს მოდერნიზაცია ვარდების რევოლუციის შემდეგ ორი ფილოსოფიის ჭიდილის ფონზე წარიმართა. ერთი კერძო ინიციატივაზე იყო დაფუძნებული, მეორე კი ეტატისტური გახლდათ.
კახა ბენდუქიძე იმ ადამიანთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც გრძელვადიან ზრდაზე ზრუნავდნენ - აუცილებელ ინსტიტუტებსა და კანონებს ქმნიდნენ. მეორე ჯგუფი უფრო მეტად შემდეგი არჩევნების მოგებაზე იყო ორიენტირებული.
კახა ბენდუქიძე მიიჩნევდა, რომ საქართველო მხოლოდ მაშინ გაძლიერდება, თუ ინდივიდები თავისუფალნი იქნებიან. ის დარწმუნებული იყო, რომ ადამიანები თავად უნდა მართავდნენ თავიანთ ცხოვრებას სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევის პირობებში. სჯეროდა, რომ თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური თავისუფლების გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმად კი სასამართლო რეფორმას ასახელებდა.
რაღაც პერიოდის განმავლობაში ორი მიდგომა ერთმანეთს ავსებდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ მზარდი შიდა უკმაყოფილების ფონზე მტკივნეული რეფორმების გაგრძელება პოლიტიკურად სარისკოდ ჩაითვალა.
კახა ბენდუქიძის როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნის საქმეში ისტორიული მნიშვნელობისაა. ამის მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ მან გავლენა არა მხოლოდ მომხრეებზე, არამედ მოწინააღმდეგეებზეც მოახდინა.
სხვანაირი ოლიგარქი - ასე უწოდეს კახა ბენდუქიძეს დასავლურ მედიაში. სწორედ ამ ადამიანზე ვსაუბრობთ გადაცემის სტუმრებთან ერთად: გიგა ბედინეიშვილი - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანი, ნუცა ბათიაშვილი - ანთროპოლოგი, დათო გორგილაძე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების PR მენეჯერი, გიორგი მელაძე - ნიუტონის სკოლის დირექტორი.




