დაპირისპირება გურჯაანში

პრემიერი: ენმ-ს გურჯაანის გამგეობის მუშაობის პარალიზების მცდელობა ჰქონდა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გურჯაანის გამგეობის მუშაობის პარალიზების მცდელობა ჰქონდა. პრემიერი გურჯაანის გამგეობაში 20 აპრილს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ეს არის ყოვლად დაუშვებელი, აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ ე.წ. ოპოზიციის წევრები ბედავენ, მიდიან გურჯაანის რაიონის გამგეობაში. ყოვლად დაუშვებელია ის, რაც მათ გააკეთეს, რომ მოახდინეს პირდაპირ ჩარევა გამგეობის მუშაობაში. მოახდინეს პარალიზება, უფრო სწორად, ჰქონდათ მცდელობა და მერე ნახეთ ყველამ, როგორ უპასუხა, მე ვიტყოდი, სამართლიანად და ადეკვატურად, გურჯაანის მოსახლეობამ და ხალხმა. ჩემთვის არის მიუღებელი ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს არის კვერცხების სროლა და ა.შ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაიმახსოვროს - ქართველი ხალხი არასოდეს აღარ დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის, ამ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას და სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გუშინ ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანის გამგეობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს კაბინეტის დაცლა მოსთხოვეს. ღვინიაშვილმა ამაზე უარი თქვა, რის გამოც, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მისი ძალით გაყვანა სცადეს და ოპოზიციას კვერცხებიც ესროლეს. ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში გუშინ ოპოზიციის მიერ დაფუძნებულმა ანტიკორუფციულმა კომისიამ დაიწყო ფუნქციონირება. სწორედ ამას უკავშირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას შენობის დაცლასთან დაკავშირებით. გურჯაანის გამგეობაში გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტის კარი აჭედეს და ცოცხი, ასევე, საპროტესტო პლაკატები გააკრეს. გურჯაანის გამგებელი აცხადებს, რომ მან არ იცის, ვინ გააკრა პლაკატები და ცოცხი დეპუტატის სამუშაო ოთახთან.

ნაციონალური მოძრაობა გურჯაანში გუშინ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგელობას პრემიერმინისტრს აკისრებს. მათი თქმით, მაჟორიტარის ბიუროზე თავდასხმა თვითმმართველობის წევრებს კახეთის გუბერნატორმა დაავალა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ გუშინდელ დაპირისპირებაში მოქმედი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

კომენტარები