ევროკავშირი

მიგრანტები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე მიმღებ ქვეყნებში განაწილდებიან

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში ხმელთაშუა ზღვაში შექმნილი ვითარება განიხილეს და მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად ზომების პაკეტი შეიმუშავეს. ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში საპატრულო სამძებრო ოპერაცია ტრიტონისთვის დამატებით დაფინანსებას გამოყოფს. ასევე მიგრანტების მიერ შემოტანილი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნები ერთობლივად იქნება განხილული. მიგრანტები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ მიმღებ ქვეყნებში განაწილდებიან. სამშობლოში დაბრუნების მსურველ მიგრანტებს კი, დახმარება გამოეყოფათ.

ბრიუსელს ასევე სურს, შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებამისილება მოიპოვოს მიგრანტების გადამყვანი კონტრაბანდისტების ხომალდების გასანადგურებლად. ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს ლიბიას, საიდანაც ევროპაში მიგრანტების ძირითადი ნაკადი მიედინება.

"დღეს მინისტრებმა გადაუდებელი ზომების განსახორციელებლად მზადყოფნა დაადასტურეს. სამწუხაროდ, ეს არ არის ისეთი ფენომენი, რომელიც შეიძლება მალე აღმოიფხვრას. ეს არის ახალი რეალობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ევროკავშირის განსახლების საპილოტე პროექტი სთავაზობს მეტ ადგილებს ადამიანებს, რომლებიც დაცვას საჭიროებენ. ასევე შეიქმნება არალეგალი მიგრანტების სამშობლოში სწრაფად დაბრუნების ახალი პროგრამა", - თქვა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა.

"აუცილებლად უნდა გავანადგუროთ კონტრაბანდისტების გემები, რომლებსაც მიგრანტები გადაჰყავთ, სანამ ისინი მათ ბორტზე აიყვანენ. ისინი დამნაშავეები არიან ისევე, როგორც ისინი, ვინც მათ აფინანსებს", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.

საბერძნეთის კუნძულ როდოსთან კატასტროფა კიდევ ერთმა ხომალდმა განიცადა, რომლითაც აფრიკელი მიგრანტები მგზავრობდნენ. ნავი კლდეს შეეჯახა, სამი ადამიანი დაიღუპა. 80-მდე საბერძნეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. გაეროს შეფასებით, გზა ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიამდე და მალტამდე მიგრანტებისთვის ყველაზე საშიში გახდა, გასულ წელს ამ გზაზე ათას ხუთასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები