გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
გამგებლის გია გერგიძის კაბინეტში პილიციის თანამშრომლები იმყოფებიან. პოლიციის გამოძახების შემდეგ, გამგებელმა მოქალაქეთა მიღება შეწყვიტა. გამგეობაში პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მოქალაქეთა მიღებაზე დასწრების სურვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ ახლადშექმნილი ანტიკორუფციული კომისიის წევრებმა გამოთქვეს. გამგებლის კაბინეტში ჟურნალისტებს არ უშვებენ.
ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანში გამგებლის კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი კომისია შექმნა. პარტიის წევრები, აქტივისტებთან ერთად, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას ადგილზე გააკონტროლებენ. ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში ანტიკორუფციული კომისიის პირველ სხდომაზე გააკეთა.





