ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ ანტიკორუფციული კომიტეტების ჩამოყალიბებას გურჯაანიდან იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს ანტიკორუფციული კომიტეტების ჩამოყალიბებას. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, პირველი ასეთი კომიტეტი გურჯაანში შეიქმნება.

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია ქართულმა ოცნებამ უხვად დაარიგა წინასაარჩევნო დაპირებები. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დაპირებები დავიწყებას მიეცა. უფრო მეტიც, განვითარების ნაცვლად საქართველო ორ ნახევარ წელიწადში უკან წავიდა. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ეკონომიკური ზრდა შენელდა, ბიუჯეტი გაირღვა, უმუშევრობა გაიზარდა, მოსახლეობამ გაიხსენა ისეთი დავიწყებული ცნებები, როგორიცაა ნეპოტიზმი და კორუფცია. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ამ პრობლემების მოგვარების არც სურვილი და არც უნარი არ გააჩნია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არაერთხელ წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ-კორუფციული მმართველობის დამადასტურებელი ფაქტები და სქემები. მსგავსი სქემა თითქმის ყველა რაიონში მუშაობს და მისი ქვაკუთხედი, როგორც წესი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და/ან მაჟორიტარი დეპუტატია. გურჯაანში, როგორც ყველგან, ორი მიმართულებაა აღსანიშნავი: 1. ნაცნობ-მეგობრების თანამდებობაზე დანიშვნა და 2. ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვა და კორუფციული გარიგებები. ამ უკანსაკნელისთვის, როგორც წესი გამოიყენება სოფლის განვითარების პროგრამა.

სწორედ ამ საკითხებზე მონიტორინგისთვის ორშაბათიდან ენმ-ს დეპუტატები გამგზავრებიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში და ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად გააკონტროლებენ საკრებულოსა და გამგეობების საქმიანობას. ჩვენ გამოვიყენებთ კანონიმდებლობით დაშვებულ ყველა ზომას, რათა შევწყვიტოთ ქვეყანაში დაწყებული კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტები და დავაბრუნოთ ქვეყანა განვითარების გზაზე" - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

კომენტარები