- მსოფლიო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა. რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების რეიტინგი მკვეთრად გაუარესდა. გასულ წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით განვითარებად ქვეყნებს შორის 52-ე ადგილზე იყო, წელს კი საქართველო 115-ე იქნება.
- „რაც გასაკეთებელი იყო, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა" - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერი ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას. საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლისგან წერილი, რომელიც ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრის ამოღებას იტყობინებოდა, თითქმის ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა ამის შესახებ განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა მედიისთვისაც ცნობილი გახდა. საქართველოს პროკურატურა, უწყებისვე ცნობით, ინტერპოლს ამ პროცესში არ ჩაურთავს.
- დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი - ძველი თბილისის რეაბილიტაციის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სერგო ქავთარაძე ამოიღეს.
- ზურაბ ადეიშვილი იყო ერთერთი, ვის მიმართ სისხლის სამართლის დევნის გაგრძელებასაც საქართველოს მთავარ პროკურატურას ურჩევდა მის მიერვე დაქირავებული საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც პროკურორებისგან შედგება. სწორედ მათ შესახებ ავრცელებს განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - პარტია ამბობს, რომ დაქირავებული ექსპერტები ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით წელიწადში დაახლოებით მილიონ ლარს იღებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხეფასს ისინი მიუკერძოებლობისთვის იღებენ.
- საქართველოს პრემიერი თვლის, რომ ბოლო პერიოდში პანკისიდან სირიაში 2-3 ახალგაზრდის წასვლა სკანდალის მიზეზი არ უნდა გახდეს. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ დღეს პანკისის მიმართ ხელისუფლების ყურადღება გაცილებით დიდია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია წასული პანკისიდან ისლამური სახელმწიფოს მხარეს საბრძოლველად, თუმცა ცნობილია, რომ დაღუპულია ათამდე პანკისელი.
ფოკუსი




