ნეპოტიზმის კრიმინალიზება

ნეპოტიზმის კრიმინალიზება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ჩავარდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინიციატივას ნეპოტიზიმის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ინიციატივა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, მსგავსი ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებობს და ის 332-ე და 333-ე მუხლებია, აქედან გამომდინარე, ეკა ბესელიას თქმით, დამატებითი ჩანაწერები ხარვეზი იქნება.

კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ინიციატორები. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ამბობენ, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის კოდექსში სამოხელეო დანაშაულის შესახებ ჩანაწერისა, პრაქტიკაში ეს ნორმა არ მოქმედებს.

ნეპოტიზმის კრიმინალიზებას მხარს უჭერენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, თავისუფალი დემოკრატებს კი ჯერ ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ინიციატივა დაახლოებით სამი კვირის წინ შეიტანა პარლამენტში. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტის თანახმად, კოდექსს უნდა დაემატოს 332 პრიმა მუხლი - საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. აღნიშნული მუხლი იმ პირის დასჯას ითვალისწინებს, რომელმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვია კონკურსის წესები ან ამ პირს შერჩევის კრიტერიუმი განზრახ მოარგო. 

 

 

 

 

კომენტარები