სააღდგომო ეპისტოლე 2015

პრეზიდენტი: პატრიარქმა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა

პატრიარქმა ყურადღება ისეთ თემებზე გაამახვილა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - უხეშობა, სიტყვით მეორე ადამიანის შეურაცხყოფა, საიდანაც იწყება ალბათ ყველა სხვა აგრესია... ძალიან საინტერესო იყო, რომ სიტყვის მნიშვნელობაც აღინიშნა. მთავარი არის, რომ თუ სიტყვას მოვუარეთ, სიტყვა თუ დავთრგუნეთ, შემდეგ ქმედებებშიც ნაკლებად ბოროტები ვიქნებით. ალბათ ყველაზე მეტად აქ პოლიტიკოსები ვაშავებთ და მეც შევეცდები, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო თავშეკავებული ვიყო ჩემს გამოთქმებში და ნაკლები აგრესია მქონდეს. პატრიარქი ყოველთვის თანამედროვეა მნიშვნელოვანი თემების თავის ინტერპრეტაციაში. ასე რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეპისტოლე იყო.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს მიხედვით, "მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი ბოროტი სიტყვაა", ასევე, "არც ერთი იდეოლოგია პიროვნების იდეას არ ცნობს" და "ათეისტისთვის ცუდი და კარგი პირობითი ცნებებია". პატრიარქის თქმითვე, აბორტი მომაკვდინებელი დანაშაულია და არამხოლოდ მშობლების.

კომენტარები