ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე უცხო პირის დნმ არის აღმოჩენილი

ეროსი კიწმარიშვილის ძმისა და ადვოკატის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე უცხო პირის დნმ-ს არსებობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ დაადასტურა - ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებას ესაუბრნენ.

ზურა კიწმარიშვილის განცხადებით დნმ-ს იდენტიფიცირებისთვის გამოძიებამ სატელეფონო ანძების შემოწმება დაიწყო, თუმცა ვისი გენეტიკური მასალა აღმოჩნდა იარაღზე, რომლითაც ეროსი კიწმარიშვილი გარდაიცვალა ჯერ პროკურატურამ ვერ დაადგინა.

"ჩვენ საქმეში გვაქვს უცხო დნმ, რომელიც არის დაფიქსირებული იმ იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილას იქნა ნაპოვნი.. არის დნმ-ის კვალი, რომლითაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია. მნიშვნელოვანია ის მოქმედებები, რომლითაც შეიძლება გამოიკვეთოს ის პირები, რომლებიც გამოძიების ვერსიით შესაძლოა რაიმე კავშირში იყვნენ მომხდარ ფაქტთან... შედარებული არის იმ ხალხის დნმ-თან, რომელთაც პირველმა ნახეს და შეესწრნენ ამ ფაქტს", - აცხადებს კიწმარიშვილის ძმა.

კურიერის ცნობით, საქმის ახალი გარემოების გარდა, კიწმარიშვილების ოჯახს პრეტენზიები პროკურატურასთანაც აქვთ. ზურა კიწმარიშვილის ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბოლო პერიოდში შეფერხებულია.

კომენტარები