კორუფცია

ბოკერია: საქართველო ყველა მიმართულებით მიდის უკან

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველო ყველა მიმართულებით მიდის უკან. როგორც მან საქართველოში შვეიცარიის ელჩის ინტერვიუზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, "პოლიტიკურად დამორჩილებული სასამართლოს საფასურად, აბსოლუტურად მოსალოდნელია, აქაც გავრცელდეს კორუფცია და განუკითხაობა". მან იქვე აღნიშნა, რომ ელჩის ინტერვიუ არ უნახავს და მას ვერ შეაფასებს.

"მე შვეიცარიის ელჩის სიტყვებზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ, არ მინახავს ეს გამონათქვამი. მე შემიძლია ვთქვა ის სამწუხარო რეალობა, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ - რომ საქართველო ყველა მიმართულებით მიდის უკან. ეს შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, ეს შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს სახელმწიფო ბიუროკრატიაში. იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებს წინ გადაედგათ ნაბიჯები და ის ხარვეზები, რომლებიც ნამდვილად არსებობდა - კერძოდ, სასამართლო სისტემაში, გამოესწორებინათ. ჩვენ ვნახეთ ბოლომდე პოლიტიკურად დამორჩილებული სასამართლოს სურათი, პოლიტიკური დევნა და ამის საფასურად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მოსალოდნელია, როგორც ყველგან ხდება, აქაც გავრცელდეს კორუფცია და განუკითხაობა", - განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე. შვეიცარიის ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეჩერდეს აღნიშნული და გაგრძელდეს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო ქვეყანაში. ბეხლერმა ინტერვიუ FINANCIAL-ს მისცა.

კომენტარები