საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობა

ციპრასმა და პუტინმა ეკონომიკური ურთიერთობები და ევროპული სანქციები განიხილეს

http://www.investireoggi.it/

საბერძნეთის პრემიერმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გუშინდელ შეხვედრაზე ეკონომიკური ურთიერთობები და ევროპული სანქციები განიხილეს. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რუსეთმა საბერძნეთს კრედიტები გამოუყოს და, ამავე დროს, მონაწილეობა მიიღოს საბერძნეთში ობიექტების პრივატიზებაში. პუტინმა საბერძნეთს ასევე მოუწოდა, მონაწილეობა მიიღოს გაზსადენ თურქული ნაკადის პროექტში. ალექსის ციპრასმა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ სანქციებს არასწორი გზა უწოდა და უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმების შესრულებას დაუჭირა მხარი.

მხარეებმა ხელი ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს, თუმცა საბერძნეთისთვის სასურსათო ემბარგოს მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება, რასაც ამ შეხვედრისგან ელოდნენ, მოსკოვს არ მიუღია.

"პირველი, საბერძნეთს ჩვენთვის ფინანსური დახმარებისთვის არ მოუმართავს. მეორე, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის ენერგეტიკის დარგში მსხვილ პროექტებში თანამშრომლობის საკითხები. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა საბერძნეთი დააზარალა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის. საბერძნეთის ექსპორტის 50% რუსეთზე მოდიოდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ევროკავშირის ერთი ქვეყნისთვის გამონაკლისი გავაკეთოთ", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ალექსის ციპრასის თქმით კი, საბერძნეთი სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს, "მრავალმხრივი, მრავალვექტორული პოლიტიკა" აწარმოოს.

"მხარს ვუჭერთ მინსკის შეთანხმების ყოველმხრივ რეალიზაციას, ეს საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ ღრმა კრიზისი ევროპაში და უარი ვთქვათ სანქციების გზაზე, რომელსაც ჩიხში მივყავართ. საბერძნეთი არ არის მათხოვარი, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანაში დადის საკუთარი ფინანსური პრობლემების გადასაწყვეტად. ეს კრიზისი არა მხოლოდ საბერძნეთს, მთელ ევროპას ეხება და ევროპაში უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ციპრასმა.

კომენტარები