ფარული მოსმენები

ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

კამპანიამ "ეს შენ გეხება" ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გადაგზავნილია და მის პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის "ეს შენ გეხება" ამ წუთებში სასტუმრო თბილისი მერიოტში მართავს.

"სარჩელის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიღებულ იქნა 2014 წელს და რომლითაც დაკანონდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სისტემა არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან, ვინაიდან კონსტიტუცია გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს, ხოლო ჩვენი კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ამ სტანდარტს დაბლა სწევს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე ლეგიტიმური ორგანო, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, საკონსტიტუციო სასამართლოა. სარჩელი უკვე გადაგზავნილია. ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას, ადვოკატირებას საიმისოდ, რომ საქართველოს კანონმდებლობა, ასევე პრაქტიკა იყოს სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და ევროპულ სტანდარტებთან", - განაცხადა საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

კამპანიის "ეს შენ გეხება" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები შს სამინისტროში არ უნდა დარჩეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თბილისი მერიოტში მიმდინარე შეხვედრაზე ჯერ არ გამოჩენილან.

კომენტარები