ძალადობრივი მოწოდება

იურიდიულმა კომიტეტმა ძალადობისკენ მოწოდების კრიმინალიზაცია განიხილა

საქართველოს პარლამენტი

ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდების კრიმინალიზაციის საკითხი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. დასჯადი ხდება მოწოდება, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ცვლილებებით გათვალისწინებულია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ქმედების განმეორების, ან მოწოდების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების თუ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სასჯელი 5 წლამდე იზრდება. კანონდარღვევის შემთხვევაში იურიდიული პირი ჯარიმით, ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით დაისჯება.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში შუღლის გაღვივების კრიმინალიზაცია ხდებოდა, თუმცა ცვლილებების შემდეგ ტერმინი ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებით შეიცვალა.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებენ მმართველი გუნდის წევრები. თამარ კორძაიას თქმით, კანონი აღარ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას. კანონპროექტს მხარს უჭერენ თავისუფალი დემოკრატებიც.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებენ.

პრინციპები, რომლებზეც დღეს იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელეს, საქართველოს კანონმდებლობაში უკვე არსებობს. კანონით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოწოდება, რომელიც კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნის, დაცული არ არის. 

კომენტარები