ე.წ. კორტების საქმე

ენმ მთავრობას მოუწოდებს, დაკავებული სპეცრაზმელები გაათავისუფლოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები გაათავისუფლოს. პავლე კუბლაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დაკავებულები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ისევე როგორც დაღუპული პოლიციელი ბექა მარგიშვილი. დეპუტატის თქმით, მათი საპატიმროში ყოფნა პოლიციას აზარალებს.

"ჩვენი მოწოდებაა ხელისუფლების მიმართ, რომ გაანთავისუფლონ სპეცრაზმელები, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უსამართლოდ და წინასწარ პატიმრობაში არიან დღეს და შეწყდეს ყოველგვარი ბრძოლა, სამართლებრივი დევნა მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, ისინი ებრძოდნენ კრიმინალს ისევე, როგორც ებრძოდა ბექა მარგიშვილი. და სწორედ ამიტომ, ამ ადამიანების, სპეცრაზმელების მიმართ სამართლებრივი დევნა არის ის, რაც ყველაზე მეტად აზიანებს დღეს პოლიციას. თუ ხელისუფლებას უნდა, გვერდში დაუდგეს პოლიციას და კრიმინალთან მებრძოლ თითოეულ თავის მოსამსახურეს, ასეთ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას სწორედ ეს - შეწყდეს ყოველგვარი დევნა სპეცრაზმელების წინააღმდეგ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე 2 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალად ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. 

ამასთან, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც 17 მარტს განაცხადა,"უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა; თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი".

კომენტარები