ე.წ. კორტების საქმე

ჩაფიძე: ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას, სპეცრაზმელები ბრძანებას გაცდნენ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის შეფასებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები "ბრძანებას გაცდნენ". ჩაფიძეს ტაბულამ შემდეგი კითხვა დაუსვა - "რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ ბრძანების შესრულებისთვის სპეცრაზმელი არ უნდა დაისაჯოს, არადა ექვსი რიგითი სპეცრაზმელი წინასწარ პატიმრობაშია კორტების სპეცოპერაციის გამო. რატომ უნდა დაუჯეროს სპეცრაზმმა პრემიერს, როდესაც მისი სიტყვა და საქმე რადიკალურად დაშორებულია ერთმანეთისგან?". ჩაფიძის მტკიცებით, პრემიერის განცხადება "აბსოლუტურად სხვა თემას" ეხებოდა.

"მე რამდენადაც მესმის, ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბარია ძალაუფლების გადამეტებაზე, მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე, საუბარია იმაზე, რომ ადამიანების აყვანის ოპერაცია ნამდვილად იყო დაგეგმილი ალბათ და უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასეთი სასტიკი ფორმით ადამიანების ჩაცხრილვა, შემდეგ მტკიცებულებების გაყალბება, თითქოს მათი მხრიდან ჰქონდა თავდასხმას ადგილი, როდესაც მანქანის შიდა მხრიდან არ აღინიშნებოდა იარაღის გამოყენების კვალი, სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ ბრძანებას გაცდნენ ეს ადამიანები. თუმცა აღნიშნული თემა უახლოეს მომავალში გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი, მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ წინ გავუსწრო მოვლენებს და საქმეს მივცე შეფასება. ღრმად და საფუძვლიანად აღნიშნულ საქმეს თავისი მტკიცებულებებით პირადად არ ვიცნობ. ამის საშუალება მოგვეცემა მას შემდეგ, რაც საქმე წავა სასამართლოში და მისი გარკვეული ნაწილი იქნება გამოტანილი საზოგადოების სამსჯავროზე.

პრემიერის განცხადება აბსოლუტურად სხვა თემას ეხებოდა. ეს ეხებოდა იმას, რომ როდესაც სპეცრაზმელი თავისი უფლებამოსილების და მიცემული ბრძანების ფარგლებში მოქმედებს ანუ არ სცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, ასეთ შემთხვევაში შედეგებზე პასუხი უნდა გასცეს ბრძანების გამცემმა და სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა და არა იმ ადამიანმა, ვინც უშუალოდ ასრულებს და ემორჩილება წესრიგს. სხვაგვარად, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იმუშაოს ან სპეცრაზმმა ან სამართალდამცავმა ორგანომ ან თავდაცვის სამინისტრომ. არის გარკვეული წესები და ისინი სწორედ ბრძანებებს ემორჩილებიან. ძალიან რთული იქნებოდა საზოგადოების ცხოვრება, თუ წარმოვიდგენთ, რომ ყველა პოლიციელი და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ინდივიდუალურად, საკუთარი სინდისის კარნახით მიიღებდა გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სიტუაციაში მოქმედების შესახებ. სამოქალაქო პირებისგან განსხვავებით, ამ ადამიანებს მსგავსი ფუფუნების უფლება არ აქვთ, ისინი მკაცრად შემუშავებულ კანონმდებლობას და წესებს ემორჩილებიან, ეს საკმაოდ რთულია და სწორედ ამიტომ სჭირდებათ ამ ადამიანებს მეტი თანადგომა, მეტი პატივისცემა და თუნდაც მეტი დახმარება საზოგადოებისგან, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არის ურთულესი და უმძიმესი პროფესია", - განაცხადა ჩაფიძემ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე 2 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალად ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. 

ამასთან, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 მარტს როგორც განაცხადა, "უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა; თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი".

კომენტარები