ჯარისკაცების ცხედრები კი არა, დნმ-ის ნიმუშები მივაბარეთ მიწას, ასე ახსნა თავდაცვის მინისტრმა ის, თუ რატომ არ იმყოფებოდა მთავრობის არცერთი წარმომადგენელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების დაკრძალვაზე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თავდაცვის მინისტრი რუსული აგრესიის მსხვერპლს შეურაცხყოფას აყენებს - ყველას გვახსოვს უკრაინაში დაღუპული, რუსეთ - საქართველოს ომის მონაწილე ალეკო გრიგოლაშვილი, რომელიც თავდაცვის უწყებამ ანგარებაში დაადანაშაულა და ნაციონალების პროვოკაციის მსხვერპლად გამოაცხადა.
სამწუხაროდ მინდია ჯანელიძე გამონაკლისი არ არის. საქართველოს ხელისუფლებას წესად ექცა ქართული სახლმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების და ამ უსაფრთხოების დამცველთა მიმართ უდიერი დამოკიდებულება.
"იქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ერთი კედელი დაინგრა" - ასე აღწერა ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსული აგრესიის ის დღე, როდესაც რუსულ ბომბებს ქართული სამშვიდობო მისიის წევრი შეეწირა.
გვახსოვს პირველი მოქალაქის მოწოდება მოსახლეობისადმი, რომ გაგებით მოვკიდებოდით ამნისტიის შედეგად გაზრდილ კრიმინალს ეს მაშინ, როდესაც თავად მილიარდერი დაჯავშნული მინის ამოფარებული ატარებდა მიტინგებს.
დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა ქართული ოცნება ქვეყნის უსაფრთხოების დამცველთა დემორალიზებას ახდენს - ვნახეთ როგორ დააკავეს გენერალური შტაბის უფროსი, როგორ გამოააშკარავს იარაღის სამალავები, როგორ დაიჭირეს კონტრდაზვერვის თანამშრომლები, ვხდავთ რა ხდება პოლიციაში:
ვიცით, როგორ შეიქმნა ღარიბაშვილის და მისი სიმამრის უშუალო მონაწილეობით ე. წ. პოლიტპატიმართა დაჯგუფებები, რომლებსაც პოლიციელის ცემა საუკეთესო შემთხვევაში 100 ლარი უჯდებათ.
გვახსოვს, სუსის მიერ ოგანიზებულ ბანდებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ჩამდგარ პოლიციელები, რომელთაც მაღალჩინოსანი კოლეგების მითითებით ოპოზიციისთვის ნასროლი კვერცხები ხვდებოდათ.
ვნახეთ, როგორ შეურაცხყოფენ რიგით პოლიციელებს მაღალჩინოსანთა მეგობარი ქალები.
ვიცით, როგორ აპარებდნენ პოლიციელების თვალწინ სამართალდამცავი თარაშ მუკბანიანის მკვლელს საქართველო თურქეთის საზღვარზე - საბედნიეროდ არ გამოუვიდათ.
ვიხილეთ, როგორ ყრიან კეთილსინდისიერ პოლიციელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის სამსახურიდან, თუ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს დაუპირისპირდნენ.
ვნახეთ, როგორ ორთქლდებიან თვითმფრინავის ტრაპიდან პოლიციის მიერ წელში გადატეხილი ქურდული სამყაროს დეპორტირებული წარმომადგენლებს მთავრობის მაღალჩინოსნების მითითებით.
დავრწმუნდით იმაშიც, რომ პოლიციას დანაშაულის რეგისტრაციას უკრძალავენ და სტატისტიკის გაყალბებას აიძულებენ.
კახაბერ ნაკანი, გიორგი გულბიანი, იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე - ეს იმ სპეცრაზმელთა ჩამონათვალია, რომლებიც 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მათი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ კანონიერ ბრძანებას დაემორჩილნენ.
სპეცრაზმელები დააპატიმრეს მაშინ, როდესაც ყველას მიერ სასაცილოდ აგდებული ჭიკაიძე ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან გაუშვა და მის ნაცვლად ყოფილი სპეცრაზმელი და მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. როგორ და რატომ შეასრულებს სპეცრაზმელი ბრძანებას, თუკი ის ელის, რომ ბრძანების შესრულებისთვის შესაძლოა დააპატიმრონ?
ლაშა ჯიხვაშვილი - ეს ის პოლიციელია, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზის ციხეში, იმიტომ რომ თავდამსხმელს ესროლა და ის გარდაიცვალა.
ამ ინციდენტის შემდეგ ოთხი პოლიციელი დაჭრეს. ორი იანვარში - ბორჯომში. ხოლო ორი ახლახანს - ვარკეთილის მეტროსთან. ოთხიდან ორი - გიორგი ბერუაშვილი და ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა. პოლიციელებს არ უსვრიათ, სროლა თავდამსხმელმა დაასწრო. ალბათ ასე იქცევი, როდესაც იცი, რომ თავდამსხმელის მიმართულებით სროლისთვის, შეიძლება განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაგასამართლონ.
ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე ღარიბაშვილი ახლა ირწმუნება, რომ ბრძანების შესრულებისთვის სპეცრაზმელის გასამართლება დაუშვებელია, ხოლო პოლიციელს გასროლა კრიმინალმა არ უნდა დაასწროს - თუმცა რა ფასი აქვს მის სიტყვას, როდესაც დღეს ერთს ამბობს, გუშინ მეორეს ამბობდა და აკეთებდა.
დღევანდელ თეორემაში ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების შერყეულ უსაფრთხოებაზე, დემორალიზებულ სამართალდამცავ და თავდაცვის სტრუქტურებზე და ამ ყველაფრის მიზეზებზე ვსაუბრობთ.




