პოლიციელის მკვლელობა

ნორლანდი: პოლიციელის მკვლელობა ტრაგედიაა სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის

ტაბულა

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, პოლიციელის მკვლელობა საშინელი ტრაგედიაა, როგორც დაღუპულის ოჯახისთვის, ისე სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის.

"პოლიციელის მკვლელობა არის საშინელი ტრაგედია, როგორც დაღუპულის ოჯახისთვის, ისე სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის. რამდენადაც ვიცით, მეორე პოლიციელი არის მძიმედ დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოშია. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას. მიმდინარეობს საგამოძოებო სამუშაოები და სამართლადამცველები ცდილობენ, დააკავონ დამნაშავე",-თქვა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს შეიარაღებულმა პირმა პოლიციელები ბექა მარგიშვილი და ვალერიან გრძელიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც პროკურატურა იუწყება, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და დადგენილია თავდამსხმელი პირის ვინაობა. ის 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, შალვა აბულაძე შეამჩნიეს თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცველების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან აბულაძე შეიარაღებულია; ასევე საზოგადოებას მიმართავს, თუ აქვთ ინფორმაცია აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

კომენტარები