ქართველები სირიაში

სანიკიძე: გამოვავლინოთ პირები, რომელთა გავლენით არასრულწლოვნები სირიაში მიდიან

ტაბულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოავლინონ ის პირები, რომელთა ზეგავლენით არასრულწლოვნები სირიაში მიდიან. 

"ეს ბავშვები არაფრით არ გამოირჩეოდნენ სასწავლო პროცესის დროს სხვა ბავშვებისგან, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას თავის დროზე არ იმსახურებდნენ. ძალიან სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ, რასაც ძალიან ინტენსიურად ვაკეთებთ ისედაც. ასევე გააქტიურდნენ ის ორგანოები, რომლებიც ნამდვილად მოახდენენ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთი არამართებული და არამართლზომიერი მიდგომებით, რომ ბავშვებმა მიიღონ გადაწყვეტილება", - ამბობს მინისტრი ნეტგაზეთის ცნობით.

4 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ორ ბავშვს, სკოლის მე–11 და მე–10 კლასის მოსწავლე ბიჭებს ეძებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სკოლის მოსწავლეები სირიაში საომრად წავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საზღვრის გადაკვეთა პოლიციელის მიერ დაშვებული შეცდომის გამო შეძლო, რასაც გენერალური ინსპექცია გამოიძიებს.

კომენტარები