თეორემა

კულისებიდან მართული ქაოსი

ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ვწერდით იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ლეგიტიმური ძალის გამოყენებაზე მონოპოლიას თმობს და ქმნის არაინსტიტუციონალიზებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ვამტკიცებდით, რომ ამ პროცესის შედეგად პოლიტიკურ ოპონენტზე მეტად რიგითი მოქალაქე ზარალდება, რადგან ასეთ პირობებში იზრდება ძალადობრივი ჯგუფების პოლიტიკური წონა მოქალაქეების პოლიტიკური მნიშვნელობის ხარჯზე და მყარდება განუკითხაობა.

მსგავსი გამოცდილება უკვე გვაქვს - შევარდნაძემ ძალაუფლება ძალადობრივი დაჯგუფებების დახმარებით მოიპოვა 90-იან წლებში, თუმცა ჭკუა ეყო იმის მისახვედრად, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ ამ დაჯგუფებათა მეტ-ნაკლები განეიტრალების შედეგად შეძლებდა.

პოლიტიკურად გაუნათლებელ ივანიშვილს ჭკუა არ ყოფნის. შევარდნაძისგან განსხვავებით ქართული ოცნება ხელისუფლებაში არა ძალადობის, არამედ არჩევნების გზით მოვიდა. მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით ცდილობს.

ამ მიზანს ემსახურება ბესელიას მიერ პოლიტპატიმარებად მონათლულ მოძალადეთა ბანდები, რომლებსაც პოლიციელების ცემა საუკეთესო შემთხვევაში 100 ლარი უჯდებათ.

ამ მიზანს ემსახურებიან კანონიერი ქურდები, რომლებსაც მეზობელი ქვეყნებში იჭერენ, საქართველოში გზავნიან, ხოლო საქართველოს ხელისუფლება მათ კი არ აკავებს, არამედ ტრაპთან პატივით ხვდება და მეგობრების მონახულების შემდეგ ქვეყნიდან გაჰყავს. ასე აღმოჩნდა უკრაინიდან ოთხჯერ დეპორტირებული კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი მეხუთედ უკრაინაში.

ამ პროცესის შედეგებს უკვე ვიმკით - დავის გადასაწყვეტად ადამიანები არა სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ დაქირავებულ მკვლელებს მიმართავენ, გახშირდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები ჟურნალისტების, პოლიციელების და უბრალოდ მოქალაქების მიმართ. ზოგიერთი დასარეკადაც არ იწუხებს თავს და პირდაპირ ხელყუმბარაზე კაწრავს მუქარის გზავნილებს.

ხელისუფლება კი ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეებს ებრძოლოს, იმ პოლიციელებს სჯის, რომლებიც დამნაშავე მაღალჩინოსნებს ამხელენ.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას მონოპოლია მხოლოდ ძალის გამოყენებაზე არ დაუკარგავს, გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც დაკარგა. ქვეყანაში, სადაც მთავარი მსაჯული სახელმწიფო ინსტიტუტებს მიღმა მდგომი ბიძინა ივანიშვილია, ნეპოტიზმი მძვინვარებს. ეს ლოგიკურია - რა საჭიროა პროფესიონალის დაქირავება მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიღებას შენ მაინც არავინ გეკითხება?

შედეგად, პროფესიონალები სამსახურს კარგავენ და მათ ნაცვლად დეპუტატების და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების ნათესავები საქმდებიან.

მსგავსი სურათია ყველა სფეროში - ვხედავთ, როგორ გაანადგურა კულტურული მემკვიდრეობა კულტურის მინისტრმა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არა ამ სფეროს სპეციალისტებს, ან სასამართლოს, არამედ ივანიშვილის ახირებებს ემორჩილება.

ვხედავთ რა ემართება პრეზიდენტს - რომელიც ივანიშვილს გაანაწყენებს.

მოსახლეობა ამ შემაშფოთებელ პროცესზე ადეკვატურად რეაგირებს - საზოგადოების 62 პროცენტი ფიქრობს რომ კრიმინალის კუთხით ქვეყანაში ვითარება გაუარესებულია, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

ქვეყანაში დამკვიდრებულ განუკითხაობაზე და ამ განუკითხაობის მიზეზებზე ვსაუბრობთ თეორემაში.

კომენტარები