სამომხმარებლო ბაზარი

წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით მარტში სურსათის ფასი 3.7%-ით გაიზარდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მარტში 2014 წლის მარტთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.6% შეადგინა. 

ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათზე ფასების 3.7%-იანმა მატებამ გამოიწვია. ამ სექტორში ფასები ყველაზე მეტად ხილსა და ყურძენზეა გაზრდილი - წინა წელთან შედარებით 27%-ით. ფასები გაზრდილია ზეთსა და ცხიმზე - 7.8%-ით, ხოლო ხორცპროდუქტებზე - 4.8%-ით. 

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი. ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე - 4.7%-ით, სამედიცინო აპარატურასა და მოწყობილობებზე - 9.1%-ით პროცენტით, ხოლო საავადმყოფოს მომსახურების ღირებულება - 4.6%-ით. 

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულებას, ამ ჯგუფში მარტში 2014 წლის მარტთან შედარებით ფასები 9.9%-ით არის გაზრდილი. თამბაქოს ნაწარმის ღირებულება 9%-ით არის გაზრდილი. 

ზოგიერთ ჯგუფში წინა წელთან შედარებით ფასების შემცირებაც შეინიშნება. წინა წელთან შედარებით ტრანსპორტის ქვეჯგუფში ფასები 6.6%-ით არის შემცირებული. ამ ჯგუფში ფასების შემცირება ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის ცნობით, ფასები 5.3%-ით შემცირებულია ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. ფასების შემცირება 0.3%-ით აისახა კავშირგაბმულობის ჯგუფზეც, თუმცა იმის გამო, რომ კავშირგაბმულობის სფეროში ძირითადმა ოპერატორებმა ინტერნეტის ტარიფი გაზარდეს, სავარაუდოა, რომ აპრილიდან ამ სფეროშიც მოხდება ფასების მატება. 

იმის მიუხედავად, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულება ლარის გაცვლითი კურსის გაუარესების გამო გაზრდილია, ეს ზრდა ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ჯერ სრულად არ ასახულა, რაც რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. მნიშვნელოვან მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ მრავალმა კომპანიამ, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე მოღვაწეობს, ფასების ზრდისგან თავი შეიკავა და საკუთარი მოგების მარჟა შეამცირა.

კომენტარები