საჰაერო თავდაცვა

ალასანია: ხელმოწერილ მემორანდუმზე დროებითი საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვითი საჰაერო შესაძლებლობების შეძენაზე საქართველოს უარი ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ათქმევინეს. როგორც ალასანიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები მოითხოვს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმი საფრანგეთთან და "რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, შეთანხმება არ არის გაფორმებული". თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმითვე, 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილი მემორანდუმის შემდეგ შეთანხმების გაფორმებით, ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლას ვეღარ შეძლებდა და საქართველო სრულ კონტროლს აიღებდა ქვეყნის საჰაერო სუვერენიტეტზე. მანვე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სწორედ იმიტომ დააკავეს, რომ ირაკლი ალასანიას მემორანდუმის ხელმოწერაზე უარი ეთქვა.

"თუ გვინდა ავიცილოთ ომი, დაპირისპირება, ამისთვის ყველაზე დიდი ძალა არის, იყო მზად შენი მშვიდობის დაცვისთვის და ომისთვის. ამას სჭირდება შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზირდეს, საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთ ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე ათქმევინეს უარი საქართველოს ბატონმა ივანიშვილმა და ბატონმა ღარიბაშვილმა. იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს არ ჰქონიათ გულწრფელი სოლიდარობა საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან", - განაცხადა ალასანიამ და ისაუბრა, რა შესაძლებლობები გაუჩნდებოდა ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმს, გეგმის მიხედვით მოჰყვებოდა თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმების გაფორმება.

"მე დაწყებულ საქმეს საზოგადოებასთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად გავაგრძელებ, ამიტომაც, დღეს ვერანაირ დეტალს ვერ გავამხელ თუ რა ტაქტიკური, ოპერატიული შესაძლებლობები იქნებოდა განლაგებული საქართველოში ამ შეთანხმებით. მაგრამ გეტყვით იმას, რისგან შეეძლებოდა თავდაცვა საქართველოს, თუ ეს შესაძლებლობები განთავსდებოდა: ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ყველა სახის ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე. სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე და მოგვეცემოდა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეს, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, ე.წ. ისკანდერი და ასევე სხვა სარაკეტო სისტემები, რომლებიც ამ ოცი წლის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა მოწინააღმდეგემ. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემდა სახმელეთო ჯარებს, აუცილებლობის შემთხვევაში ეფექტურად დაეცვათ საზოგადოება და ხალხი. ბუნებრივია, რეგიონში ვერ მივაღწევთ საჰაერო დომინირებას სამხედრო ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, ეს უნარი არ შესწევს ჩვენს ბიუჯეტს და არც დგას ჩვენს ამოცანებში. ჩვენ გვინდა მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობა და საჰაერო თავდაცვა იქნებოდა და იქნება მომავალში ის ქოლგა, რომელიც საქართველოს ეფექტური თავდაცვის შესაძლებლობებს გაუჩენს", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება მძიმედ არ დააწვებოდა ბიუჯეტს.

"ჩვენ გვქონდა მიღწეული შეთანმება, რომ გადახდას ქვეყანა დაიწყებდა მას შემდეგ, რაც მოხდებოდა სრულად მონტაჟი საჰაერო თავდაცვის სისტემის და ეს ჩვენ ქვეყანას გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდებოდა ყოველ წელიწადს. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვა ანუ დაცული ცა არა მხოლოდ უსაფრთხო ძილს ნიშნავს, არამედ, რეალურად გაქვს ეკონომიკური სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. არავინ, არცერთი ინვესტორი არ ჩადებს დიდძალ ფულს ჩვენს ქვეყააში, თუ მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული და მან იცის, რომ ნებისმიერ დროს მეზობელ ქვეყანას შეუძლია შემოვიდეს და ხელი აფათუროს საშინაო საქმეებში. სწორედ ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და ღიად ამ პოლემიკაში დეტალურად ვერ შევალთ პრემიერთან. ჩვენი პარტია შეიტანს მოთხოვნას პარლამენტში, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, ეს შეთანხმება არ არის გაფორმებული. ამის შესწავლის შემდეგ, როდესაც დასკვნა დაიდება, ჩვენ უკვე საზოგადოებას მივმართავთ - რასთან გვაქვს საქმე. ვიდრე პოლიტიკურ სრულ უნდობლობას გამოვუცხადებდეთ პრემიერმინისტრს, მინდა, ასეთი შესწავლა პარლამენტმა ჩაატაროს... მარტის ბოლომდე მემორანდუმი ფუნქციონირებდა და მქონდა იმედი, რომ ამ ფუნდამენტურ საქმეს არ დაივიწყებდნენ და არ გადააგდებდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მე მინდა, საზოგადებას დავპირდე, რომ, როგორც კი ხელისუფლების ცვლილება მოხდება არჩევნებით, საქართველოს თავდაცვის საკითხი, საჰაერო სუვერენიტეტის საკითხი იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, რომელიც მოვა ხელისუფლებაში", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ "თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ მე უარს ვიტყოდი ჩემს სწორ განზრახვაზე".

"რა თქმა უნდა, მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ისინი კარგად არ მიცნობენ. მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში. არასდროს მქონია არჩევანის გაკეთების არც ფუფუნება და არც სურვილი მორალურ კომპრომისსა და სწორ გზას შორის. ამიტომ, მე მოვაწერე ხელი მემორანდუმს, ჩამოვედი თბილისში და როცა ვიკითხე, რატომ დააკავეს სამინისტროს თანამშრომლები, ამაზე წესიერი პასუხი ვერ მივიღე. პროკურატურამ კი, თავხედურად გააგრძელა შემოტევა პოლიტიკური ნიშნით ჩემს პარტიაზე და ჩემზე, როგორც პარტიის ლიდერზე", - თქვა ალასანიამ.

კომენტარები