კრიმინალი

ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორი: ხელყუმბარა მუქარის წარწერით 31 მარტს ვიპოვეთ

ტაბულა

ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის გიორგი სულამანაძის ინფორმაციით, მის სამსახურებრივ მანქანაში ხელყუმბარა მუქარის წარწერით სამშაბათს, 31 მარტს იპოვეს. როგორც სულამანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ეს არა პირადად მის მიმართ, არამედ მთელი მისი სამსახურის წინააღმდეგ მიმართული მუქარაა. ამასთან, სულამანაძემ მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მხარდაჭერისთვის.

"ეს მუქარა არ იყო პირადად ჩემ მიმართ, ეს იყო მთელი ჩემი სამსახურის მიმართ. მთელი გუნდი დაცული ტერიტორიის სააგენტოსთან ერთად გააგრძელებს მუშაობას. სამშაბათს მანქანაში ვნახეთ რაღაცა უცხო საგანი, როგორც აღმოჩნდა, ეს არის ხელყუმბარა ამოტვიფრული წარწერებით. წარწერა იყო გაფრთხილება - "წადით". ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან მე არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი. რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ შსს-მ ძალიან ეფექტურად, სწრაფად იმოქმედა. არის გარკვეული ვერსიები, მუშაობენ ამ თემაზე და ჩემზე უკეთესად  შინაგან საქმეთა სამინისტრო გაგცემთ პასუხს", - აცხადებს სულამანაძე და პირად ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

"მთელი ლაგოდეხის მოსახლეობა და მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ჩვენ გვერდითაა, რადგან ჩვენი თანამშრომლობა ხუთწლიანია და თვალნათლივ ხედავენ იმ ცვლილებებს, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხდება ლაგოდეხში. ასეთ მტერს და რაღაცას გამოვრიცხავთ, რადგან ძალიან დიდი მხარდაჭერით ვსარგებლობთ და დღევანდელი შეხვედრებითაც, მოსახლეობა ამას მთლიანი ლაგოდეხის შეურაცხყოფად აღიქვამს", - თქვა ნაკრძალის დირექტორმა.

გიორგი სულამანაძის სამსახურებრივ მანქანაში ხელყუმბარის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ტაბულამ გუშინ, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. სულამანაძე კომენტარზე უარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამბობდა. შსს-ში კი ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. 

კომენტარები