კომიტეტების თავმჯდომარეები

პარლამენტის ბიუროს თინა ხიდაშელისა და გია ჟორჟოლიანის კანდიდატურები წარედგინა

პარლამენტის ბიუროს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე გია ჟორჟოლიანის კანდიდატურა წარედგინა.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორი წარდგინება შევიდა, შესაბამისი მიმართვები გაკეთდა ფრაქცია "ქართული ოცნების" მხრიდან. ამასთან, პარლამენტის ბიუროს დღეს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიმართვაც წარედგინა, რომელიც აცხადებს, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული კომიტეტების ვაკანტურ თანამდებობებზე პარლამენტს გია ჟორჟოლიანისა და თინა ხიდაშელის კანდიდატურებს წარუდგენს.

როგორც ამასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატამა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, კანდიდატურების წარდგენის ვადა ფრაქცია "ქართული ოცნების" მხრიდან დარღვეულია, რის გამოც საჭირო გახდა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება. გოგორიშვილის თქმით, ფრაქცია "ქართული ოცნების" მიმართვები ახლა უკვე ზედმეტია.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომა-გადაყენების შემთხვევაში, პარლამენტი 14 დღის განმავლობაში ირჩევს კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. თუკი ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში არ წარადგენს, კომიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

კომენტარები