შიდა ქართლის გუბერნატორი

ტელეარხ თრიალეთის ჟურნალისტი პრემიერს შიდა ქართლის გუბერნატორზე ფაქტებს აწვდის

"ბატონო პრემიერო, როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ თუ მე წარმოგიდგენდით შიდა ქართლის გუბერნატორის შესახებ ფაქტებს, თქვენ მოახდენდით რეაგირებას", - საქართველოს პრემიერმინისტრს ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტების სახელით ჟურნალისტი რუსა მამასახლისი მიმართავს. წერილს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ჟურნალისტი შიდა ქართლის გუბერნიაში კლანური მმართველობის ნიშნებზე საუბრობს. მიმართვაში ასევე საუბარია იმ ბიზნესებზე, რომლებსაც, ჟურნალისტის მტკიცებით, აკონტროლებს გუბერნატორის ახლო გარემოცვა. ჟურნალისტი რუსა მამასახლისი იმედოვნებს, რომ მის მიერ მოწოდებულ ფაქტებზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადეკვატური რეაგირება ექნება.

"ბატონო პრემიერო, როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ თუ მე წარმოგიდგენდით შიდა ქართლის გუბერნატორის შესახებ ფაქტებს, თქვენ მოახდენდით რეაგირებას.

ამჯერად, გაწვდით ჩემ მიერ პრესკონფერენციაზე მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისი ფაქტების ნაწილს და ამასთანავე, აგიღწერთ, თუ ვინ მართავს შიდა ქართლს.

შიდა ქართლის გუბერნიაში არის კლანური მმართველობის ნიშნები: 1. გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი სოფო მიხანაშვილი, რომელიც სარგებლობს განსაკუთრებული გავლენებით, არის გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის დისშვილი. 2. სოფო მიხანაშვილის მამა, როინ (როსტომ) მიხანაშვილი არის სამშენებელო ორგანიზაცია "ვერელი +"-ის მფლობელი, რომელიც თითქმის ყველა ტენდერს იგებს. ამ ტენდერებთან დაკავშირებით, კითხვები სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც აქვს, მისი დასკვნის მიხედვით. შესაბამისად, როინ მიხანაშვილი არის გორის მერის ახლო ნათესავი. 3. გუბერნატორის ბიძაშვილი სოსო ვანიშვილი არის დეპუტატი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ატენიდან და ამავე დროს, არის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. არჩევნებამდე, იგი მუშაობდა "ქართუ ბანკში" ზურაბ რუსიშვილთან. 4. ატენის გამგებელი გიგი ვანიშვილი არის სოსო ვანიშვილის ბიძაშვილი", - ნათქვამია ჟურნალისტ რუსა მამასახლისის მიმართვაში.

პრემიერის სახელზე გავრცელებულ მიმართვაში ასევე საუბარია იმ ბიზნესებზე, რომლებსაც, ჟურნალისტის მტკიცებით, აკონტროლებს გუბერნატორის ახლო გარემოცვა. მიმართვას თან ერთვის ვიდეობმულებიც, რომელიც განცხადების ავტორთა თქმით, ამტკიცებს მათ ნათქვამს.

"1. გაზ-გასამართი სადგური "ავტოგაზი", რომელიც აშენდა ზურაბ რუსიშვილის გუბერნატორობის დროს. აკონტროლებს გუბერნატორის ბიძაშვილის ქმარი აჩიკო შავდათუაშვილი.
2. გორის ცენტრში, თეატრის გვერდით მდებარე მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "რუკო", რომელსაც კონტროლს უწევს გუბერნატორის ბიძაშვილი, აჩიკო შავდათუაშვილის მეუღლე, ნინო ვანიშვილი. (როგორც ზურაბ რუსიშვილის დეკლარაციაშია აღნიშნული, გუბერნატორად დანიშვნამდე, "ქართუ ბანკის" გარდა, "რუკოს" კონსულტანტად მუშაობდა).
3. ჩემს კითხვაში ნახსენები, ატენში მშენებარე ობიექტი, რომელიც გაურკვეველია, არის სახლი თუ სასტუმრო, და რომლის მშენებლობას კურირებს სოფო მიხანაშვილის მამა როინ (როსტომ) მიხანაშვილი. აღსანიშნავია, რომ ობიექტზე არ არსებობს მშენებლობის ნებართვის და დამკვეთის აბრა. მოსახლეობის წარმომადგენლები, ჩვენთან აცხადებენ, რომ ეს მშენებლობა ეკუთვნის გუბერნატორს, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით დაგვეზუსტებინა, რადგან არც აბრა არსებობს და არც ინფორმაციას გვაძლევენ. თუმცა, მთავარია ის, რომ ამ მშენებლობას ახორციელებს ისევ ის როინ მიხანაშვილი, რომელიც რეგიონში ყველა ტენდერს იგებს.
4. გიგზავნით სიუჟეტის ლინკს, ატენში მცხოვრები თამაზ გოლოშვილის ოჯახის შესახებ, სადაც ისინი აცხადებენ, რომ მათ როინ მიხანაშვილმა წაართვა მიწის ნაკვეთი. ისინი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთზე როინ მიხანაშვილი გუბერნატორთან ერთად აპირებს შამპანურის ქარხნის გახსნას.
5. გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის მეჯვარემ და ახლობელმა, ზურა ლაზარაშვილმა მილიონი დოლარის კრედიტით, ვინმე ლაბაძისგან შეისყიდა სტალინის სახლ-მუზეუმის უკან მდებარე რესტორანი "ჩინებული" და სავაჭრო ცენტრი. ასევე, თეატრის გვერდით მდებარე კაფე "პირამიდა". ამბობენ, რომ ზურა ლაზარაშვილმა კრედიტი აიღო გუბერნატორის დახმარებით, სავარაუდოდ "ქართუ ბანკიდან" და რომ გუბერნატორს აქვს საკუთარი ინტერესები, მით უფრო, რომ შეზღუდეს იმ ტერიტორიაზე კვების ობიექტების მუშაობა და ერთ-ერთი, სტალინის სკვერში.
6. ასევე, გიგზავნით სიუჟეტის ლინკს, სადაც ხალხი აცხადებს, რომ გუბერნატორი არის კაბინეტში ჩაკეტილი. არ ხვდება ხალხს და საერთოდ არ იცნობენ მას.
7. სასათბურე მეურნეობის გაჩერებაზე აღარ გწერთ, რადგან მრავალჯერ გაშუქდა ცენტრალურ არხებზეც", - ნათქვამია ტელეკომპანია „თრიალეთის" ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტი რუსა მამასახლისი იმედოვნებს, რომ მის მიერ მოწოდებულ ფაქტებზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადეკვატური რეაგირება ექნება.

"ბატონო პრემიერო, ჩვენი აზრით, ეს არის საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ დაინტერესდეთ და მოახდინოთ რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესები გუბერნატორის სახელზე არ არის გაფორმებული (თუმცა, თავის სახელზე როგორ გააფორმებდა? ისევე როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე არ იყო გაფორმებულები და ისე აკონტროლებდნენ სხვადასხვა საქმიანობებს).

აღსანიშნავია, რომ რატომღაც ზურაბ რუსიშვილის გარემოცვას, მისი გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ აღმოაჩნდათ ბიზნეს საქმიანობის ნიჭი.

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ გუბერნატორი თქვენი მოწოდების შესაბამისად წარმოადგენდა დოკუმენტაციას და ყველა იმ კითხვას გასცემდა პასუხს, რომელიც მოსახლეობას დღემდე აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მან მტკიცებულების სახით წარმოგვიდგინა არის ქონებრივი დეკლარაცია, თუმცა მასში ის სახლიც კი არა აქვს დაფიქსირებული, რომელიც ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე წარუდგინა.

ჩვენ გწერთ, ჩვენს მიერ მოპოვებელ ინფორმაციებს, ხოლო გამოძიებას და დამტკიცებას, უკვე თქვენი რეაგირების შემდეგ ველოდებით. არ იფიქროთ, რომ გუბერნატორის დისკრედიტაციას ვცდილობთ. ჩვენ ვართ ჟურნალისტები და ჩვენი მოვალეობაა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი გადაცდომა საჯარო გავხადოთ. მიუხედავად თქვენი რეაქციისა, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენს დაპირებას შეასრულებთ და წარმოდგენილ ფაქტებზე მოახდენთ რეაგირებას", - ნათქვამია ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები