ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სასჯელაღსრულების რეფორმით, პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებს პატიმრის დაზიანების შემთხვევაში გამოძიების ინტერესებისთვის ფოტოგადაღების უფლება მიეცემათ. აღნიშნული 2016 წლიდან ამოქმედდება.
"მთლიანად იცვლება სასჯელაღსრულების სისტემა. რეფორმა გულისხმობს იმ დეპარტამენტების გაუქმებას, რომლებიც იყო ცალკეული, მათ შორის შიდა დეპარტამენტები. ერთიან მართვაში მოექცევა მთელი სისტემა, რაც იქნება კოორდინირებული. მე ვიტყოდი, რევოლუციური ცვლილება იქნება მიღწეული, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ შეთანხმების შედეგად. წლების განმავლობაში რასაც უფლებადამცველები ითხოვდნენ, რომ ჰქონოდათ პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებს პატიმრის დაზიანებების შემთხვევაში ფოტოგადაღების უფლება გამოძიების ინტერესებისთვის. ამ მოთხოვნას არასდროს ითვალისწინებდა წინა ხელისუფლება. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ასეთი ჩანაწერი გაჩნდება, ეს ნორმა ამოქმედდება მომავალი წლიდან. იქამდე მოსამზადებელო პროცესი ჩატარდება. თავისთავად ასეთი პრინციპული შეთანხმების მიღწევა არის უნივერსალური რამ ადამიანის უფლებების სტანდარტის გაზრდის თვალსზრისით", - თქვა ბესელიამ.
ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონში ცვლილების ინიციატორი სასჯელაღსრულების სამინისტროა.





