ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ალასანია: ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა

თავისუფალი დემოკრატები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. "პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და არ იცის, რა არის სპეკულაცია. მისთვის სპეკულაციაა სიმართლის თქმა და ვაჟკაცობა ჰგონია, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებ და პროკურატურას პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებ. უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიდან პრემიერს კიდევ ერთ განმარტებას მივცემ და ვეტყვი, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა არის სახელმწიფოს მავნებლობა. საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და, რა თქმა უნდა, მის ტექნიკურ დეტალებზე არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ხელშეშლა რომ იყო, ეს არის ფაქტი. ამაზე მას მომავალში პასუხი მოეთხოვება", - თქვა ალასანიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება "უზნეო სპეკულირებაა". ცნობისთვის, ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი ბოლო ვიზიტის დროს პარიზში, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებისთვის.

"რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, მე არ ვაპირებდი ამ თემის კომენტირებას. მე ვფიქრობ, რომ ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. მე მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება არის საკმაოდ უზნეო საქმე. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე", - განაცხადა ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები