IRI-ის კვლევა

დონდუა: რუსეთის ქმედებების გამო საზოგადოების განწყობა პოზიტიური ვერ იქნება

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას მოსაზრებით, იმ ქმედებების ფონზე, რასაც რუსეთი აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზოგადოების განწყობა რუსეთისადმი პოზიტიური ვერ იქნება. დონდუამ კომენტარი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის პასუხად გააკეთა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 85% რუსეთთან ურთიერთობას უარყოფითად აფასებს.

"ამაში გასაკვირი არაფერია. ბუნებრივია, რუსეთთან ურთიერთობა ამ ბოლო პერიოდში ისე ვერ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. განსაკუთრებით იმის ფონზე, რასაც აკეთებს მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან გააფორმა ხელშეკრულებები სოხუმთან და ცხინვალთან, რაც არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრით, არის ნაბიჯი გადადგმული ანექსიისკენ. ანუ ეს არის პროცესი, რომელიც მიდის ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ. ბუნებრივია, ამის ფონზე საზოგადოებაში რუსეთისადმი განწყობა ვერ იქნება პოზიტიური", - თქვა დონდუამ.

რაც შეეხება NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობას, დონდუას თქმით, "ეს არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსთა ჯგუფის არჩევანი - არც ამ მთავრობის, არც წინა მთავრობის, არც იმის წინა, ეს იყო ქართველი ხალხის არჩევანი, რაც ქართველმა ხალხმა გაკეთა საუკუნეების წინ. როდესაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს, იმის მერე დებატებიც არ ყოფილა იმაზე, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ".

IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, ხოლო 15% წინააღმდეგია. რაც შეეხება ევროკავშირს, კვლევაში მონაწილეთა 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, წინააღმდეგობას კი, რესპონდენტთა 9% გამოხატავს.

კომენტარები