ათიათასობით მოქალაქემ გასულ შაბათს მთავრობის გადადგომა მოითხოვა - მანამდე, სანამ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას გაიაზრებდა, ხელისუფლება ტრადიციულად პროტესტის არითმეტიკით დაკავდა. გაირკვა, რომ ის, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის 2012 წლის 27 მაისს, ანუ მაშინ, როდესაც მილიარდერმა თავისუფლების მოედანზე პირველი აქცია გამართა, 100 000-ზე მეტ გულანთებულ მოქალაქეს ნიშნავდა, ახლა, სულ რაღაც 5-7 ათას ფულით მოსყიდულ მოძალადეს ნიშნავს. გაირკვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრით მთავრობის გადადგომის მოთხოვნა თავხედობაა, იმდენად რამდენადაც ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად და მთავრობის გადადგომის მიზეზი არ არსებობს. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ასეთი მთავრობა ნანატრი იქნებოდა ევროპისთვის და საოცნებო ამერიკისთვის.
სანამ ბიძინა ივანიშვილი პროტესტის მონაწილეთა თავხედობაზე საუბრობს, გამოქვეყნდა გასული წლის ეკონომიკის ოფიციალური სტატისტიკა - რიცხვები საგანგაშოა. ენერგეტიკის და დამამუშავებელი მრეწველობის სფეროები ზრდის ნაცვლად შემცირებულია, ზრდის ტემპი დაგდებულია სოფლის მეურნეობის, რესტორნების, ტრანსპორტისა და ავტომობილებით ვაჭრობის სფეროში.
მიტინგის არითმეტიკის თემა, სწრაფადვე ჩაანაცვლა მთავრობის გადადგომის თემამ - ოპოზიცია პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო ხმების მოგროვებას იწყებს. პარლამენტში 149 დეპუტატია. 60 დეპუტატია საჭირო იმისთვის, რომ პროცესი დაიძრას, ხოლო 75 - იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს.
ნაციონალურ მოძრაობას 50 დეპუტატი ჰყავს. უნდობლობის პროცესის დასაწყებად ამ პარტიას პარლამენტში 10 თანამოაზრის პოვნა სჭირდება, ხოლო დასასრულებლად დამატებით 15 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
8 დეპუტატი ჰყავთ თავისუფალ დემოკრატებს. დღეს, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს, თუმცა რამდენიმე კვირით ადრე - თეორემას ეთერში მან ამ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა.
მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მხარდაჭერას უცხადებს მურმან დუმბაძე, უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ნაციონალები შეუერთდნენ მის ინიციატივას და არა პირიქით.
ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივის შედეგად დეპუტატებზე წნეხიც გაიზრდება და მათი ფასიც. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად შეძლებს ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების გამო მოსახლეობაში გაჩენილი პროტესტის შეკავებას და ჩაცხრობას.
სწორედ მთავრობის გადაყენების პერსპექტივაზე ვსაუბრობთ თეორემას პირველ ნაწილში სტუმრებთან ერთად.




