ადგილობრივი არჩევნები საფრანგეთში

საფრანგეთში ადგილობრივ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის ბლოკმა გაიმარჯვა

The former President of France Nicolas Sarkozy

საფრანგეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ბლოკმა გაიმარჯვა. გაერთიანებამ სახალხო მოძრაობის მხარდაჭერის კავშირის მეთაურობით 32.5% მიიღო. მეორე ადგილზე, 25%-ით, მარინ ლე პენის ულტრამემერჯვენე ნაციონალური ფრონტი გავიდა. მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ საერთო ჯამში ხმების 22% მოაგროვა და მესამე ადგილზე მოხვდა.

"არჩევნების შედეგები მოწმობს, რომ მოსახლეობა მემარცხენე მთავრობით იმედგაცრუებულია", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ. ამავე დროს მან ნაციონალურ ფრონტთან რაიმე ალიანსი კატეგორიულად გამორიცხა.

"ჩვენი ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა მემარცხენე ძალებს ზურგი შეაქცია, რადგან იგრძნეს, რომ სამი წლის განმავლობაში ატყუებდნენ. ჩვენი პარტია მობილიზებულია მეორე ტურში გამარჯვებისთვის. ძვირფასო თანამემამულეებო, დემოკრატიული ცვლილებების პროცესი გრძელდება და მას ვერაფერი შეაჩერებს", - თქვა სარკოზიმ.

მარინ ლე პენის ნაციონალური ფრონტის შედეგი მოსალოდნელზე უფრო დაბალი აღმოჩნდა. ანალიტიკოსთა აზრით, ლე პენს არ ეყოლება საკმარისი ამომრჩეველი, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს. რამდენიმე თვის წინ ნაციონალური ფრონტი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ პარტიას თანხებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბანკიდან იღებდა.

ლე პენმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.

"პრემიერმა მანუელ ვალსმა უნდა ისმინოს ამომრჩევლების ხმა და გადადგეს. მომავალ კვირას, მეორე ტურში ჩვენ ისტორიის ახალ გვერდს დავწერთ. ჩვენ საფრანგეთს ფეხზე დავაყენებთ და ხელსუფლებაში ახალ თაობას მოვიყვანთ", - თქვა ლე პენმა.

საფრანგეთში ადგილობრივი არჩვენების მეორე ტური 29 მარტს გაიმართება. ახალ პრეზიდენტს კი ფრანგები 2017 წელს აირჩევენ.

კომენტარები