პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე გადაწყვეტილების მიღება ბიურომ გადადო

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

ჯერ კიდევ უცნობია, რა ფორმატში ჩატარდება 31 მარტს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში - დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ ბიუროს სხდომაზე მიიღებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი პარლამენტს მიმართავს, რომ უზრუნველყოს აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის გამოსვლაზე პარლამენტში. ამის შესახებ კომენტარი ბიუროს დასრულების შემდეგ გიორგი კვერენჩხილაძემ გააკეთა, მან მოუწოდა პარლამენტს, გადააგზავნონ მოწვევები, რათა პრეზიდენტის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვას ეხმაურებიან დეპუტატები. საპარლამენტო უმცირესობის წევრები თვლიან, რომ მთავრობის წევრების დასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე აუცილებელია, მანანა კობახიძის თქმით კი, პარლამენტი ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდის, მაგრამ დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს მათი ნებაა.

"მთვარობა იქნება ინფორმირებული, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ინფორმირებული. მთავრობის წევრებს აქვთ უფლება მობრძანდნენ და დაესწრონ, მაგრამ პარლამენტი მათ ვერ დაავალებს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლას. ასეთ ჩანაწერს რეგლამენტი არ ითვალისწინებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

საგულისხმო რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის, მეორე პუნქტის მიხედვით ''მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტის და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ''.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ამასთან დაკავშირებით კომენტარები ბიუროს სხდომაზე და მისი დასრულების შემდეგაც გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები დებატების აუცილებლობას ხედავენ.

კომენტარები