იემენის კრიზისი

გაერო: შიიტმა ამბოხებულებმა აეროპორტი დაიკავეს, იემენი სამოქალაქო ომის ზღვარზეა

http://www.dailystar.com/

შიიტური დაჯგუფების წევრმა ამბოხებულებმა იემენში, ქალაქ თაიზში, საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს, იემენი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი ავრცელებს.

საინფორმაციო წყაროების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეტაკებას ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, ხოლო 82 დაშავებულია. ამბოხებულებმა ასევე ხელთ იგდეს ქალაქის უსაფრთხოებისა და დაზვერვის შენობები.

გაეროს უშიშროების საბჭომ თავის განცხადებაში მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს, დაასრულონ საომარი მოქმედებები და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

"ქვეყანა დაღმასვლას განიცდის, ის სამოქალაქო ომის ზღვარზეა. მშვიდობიანი დიალოგი ერთადერთი გზაა წინსვლისკენ", - განაცხადა გაეროს სპეციალურმა მრჩეველმა იემენში, ჯამალ ბენომარმა.

არსებობს საშიშროება, რომ ისეთმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, როგორებიცაა ალ-ყაიდა და ISIS, ისარგებლონ შექმნილი ქაოსით და სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ. უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შაბათს, 21 მარტს, აშშ-მა იემენიდან თავისი პერსონალი გაიწვია.

შეგახსენებთ, რომ ამბოხებულმა შიიტმა მუსლიმებმა იანვარში პრეზიდენტის სასახლეს შემოარტყეს ალყა. რამდენიმე დღეში ამ ფაქტს იემენის პრეზიდენტის აბდუ რაბუ მანსურ ჰადისა და მისი მთავრობის კაბინეტის გადადგომა მოჰყვა.

კომენტარები