საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში გაზრდილია და 34%-ს შეადგენს. დსთ-ის ქვეყნებში იანვარ-თებერვალში სულ ექსპორტზე $110 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი $108 მილიონს შეადგენს. სულ დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-თებერვალში $429 მილიონი შეადგინა.
ევროკავშირის ქვეყნებთან წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 9%-ით არის გაზრდილი. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიუხედავად, ეს ბაზარი კვლავ ვერ გახდა საქართველოს უმთავრესი საექსპორტო ბაზარი.
რუსულ ბაზარზე არსებულმა კრიზისმა მრავალ ექსპორტიორს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, რადგანაც ამ ბაზრის გახსნის შემდეგ მრავალმა ექსპორტიორმა ამ მიმართულებით გაყიდვები გაზარდა. თუმცა კრიზისის დაწყების შემდეგ რუსეთში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, რის გამოც ბიზნესისთვის რუსეთში ექსპორტი წაგებიანი გამოდგა.
საქართველოს ექსპორტი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ასე გამოიყურება:
1) დსთ-ის ქვეყნები 34%
2) ევროკავშირი 33%
3) დანარჩენი ქვეყნები 33%
საქსტატის მონაცემების მიხედვით იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 26%-ით ანუ $116 მილიონით არის შემცირებული და მხოლოდ $324 მილიონს შეადგენს, ხოლო საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი - $786 მილიონს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $94 მილიონით არის გაზრდილი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ზოგადად ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის მისი არსებობა დღეისათვის გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგანაც ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოცულობა მცირდება, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება.