საგარეო ვაჭრობა

წელს ავტომობილების ექსპორტი 49%-ით, ღვინისა კი 69%-ით შემცირდა

დავით მძინარაშვილი / REUTERS

საქსტატის მონაცემებით იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 26%-ით ანუ $116 მილიონით არის შემცირებული და მხოლოდ $324 მილიონს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტად ავტომობილების (49%-ით) და ღვინის (69%-ით) ექსპორტია შემცირებული. თუმცა ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე მატებაც დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი ეს თხილისა და კაკლის ექსპორტს შეეხება, სადაც წინა წელთან შედარებით 63%-იანი მატება დაფიქსირდა. თხილი საქართველოს მეორე უმსხვილეს საექსპორტო საქონლად იქცა. წელს იანვარ-თებერვალში $40 მილიონის ღირებულების თხილი არის ექსპორტზე გასული. 

ავტომობილების რეექსპორტის 49%-იანი შემცირების მიუხედავად, საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონლად კვლავ რჩება. ამ სფეროს შემცირება აზერბაიჯანის მხრიდან რიგი რეგულაციების ამოქმედებას უკავშირდება, რომელთა გამო ქართველი ავტოდილერებისთვის აზერბაიჯანის ბაზარი პრაქტიკულად დაიხურა. ხოლო ღვინის ექპორტის შემცირება რუსეთის ბაზარზე არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, რომლის გამოც რუსებმა ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შეამცირეს. ღვინის ექსპორტთან ერთად მინერალური წყლების ექსპორტიც არის შემცირებული.

ექსპორტის კლება კიდევ ერთ მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფზე - ფეროშენადნობებზე დაფიქსირდა - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-იანი, წელს მხოლოდ $34 მილიონი. წინა წელთან შედარებით აზოტოვანი სასუქების ექსპორტიც არის შემცირებული. გასულ წელს იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე $31 მილიონი დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გავიდა, წელს კი მისი მოცულობა 39%-ით არის შემცირებული და $19 მილიონს შეადგენს. 

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

1) მსუბუქი ავტომობილები $40.64 მილიონი.

2) თხილი და სხვა კაკლები $40.62 მილიონი

3) ფეროშენადნობები $34 მილიონი

4) სპილენძის მადანი $29 მილიონი

5) აზოტოვანი სასუქები $19 მილიონი

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ზოგადად ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის მისი არსებობა დღეისათვის გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგანაც ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოცულობა მცირდება, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება.

კომენტარები