მთავრობის გადაყენება

კორძაია ენმ-ის გეგმაზე: არ უნდა გასცე იმაზე მეტი დაპირება, ვიდრე შეასრულებ

geonews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოსახლეობას ისეთი დაპირება მისცა, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ შეასრულებს. კორძაია ენმ-ის გეგმას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უმცირესობა მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების შეგროვებას იწყებს.

"ყველაფერი უბრალოდ, მარტივად პარლამენტში უნდა დაითვალოს საბოლოო ჯამში და მათ ამისთვის 60 ხმა სჭირდებათ. მე არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, უბრალოდ, ამ წუთას მაინც არარეალურად მესახება ეს ყველაფერი. თუმცა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს მათი რისკია. არ უნდა მისცე მოსახლეობას იმაზე მეტი დაპირება, ვიდრე შეასრულებ და აქ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ისინი სამოც ხელმოწერას ვერ შეაგროვებენ", - აცხადებს კორძაია.

ის, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების მოგროვებას იწყებს, 21 მარტის აქციაზე გახდა ცნობილი. ხელმოწერების შეგროვებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან იწყებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდის განმარტებით, თავდაპირველად, 60 დეპუტატია იმისთვის საჭირო, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს. შემდეგ საჭიროა 75 დეპუტატის მხარდაჭერა სამი კვირის ვადაში იმისათვის, რომ პროცედურას ოფიციალურად მიეცეს მსვლელობა.

"ახალი პრემიერის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდეს პარლამენტი, აქ არის 75 ხმა საჭირო. კანდიდატურა წარედგინება პრეზიდენტს. პრეზიდენტი თუ დაეთანხმა, ის უკან დააბრუნებს პრემიერის კანდიდატურას, რომელიც მთავრობით და სამთავრობო გეგმით წარდგება პარლამენტის წინაშე და ისევ 75 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ძველი მთავრობა გათავისუფლდება და ახალი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მაგრამ თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანდიდატურას, მაშინ ახალ მთავრობას ნდობა 90-მა დეპუტატმა უნდა გამოუცხადოს", - განმარტავს მენაბდე.

კომენტარები