მთავრობის გადაყენება

კობახიძე ენმ-ის გეგმაზე: კარგად დათვალონ თავისი ხმებიც და უმრავლესობაც

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის გეგმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, სასაცილოა. კობახიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ენმ პარლამენტში მთავრობის გადასაყენებლად საჭირო დეპუტატების რაოდენობის შეგროვებას იწყებს.

"ახლა მათ რაღაცა პეოცედურები წამოიწყონ პარლამენტში, ეს ცოტა სასაცილოა. კარგად დათვალონ თავისი ხმებიც და უმრავლესობაც. საკმაოდ მყარია დღეს უმრავლესობა და ეს არაერთი გადაწყვეტილების მიღებისას დადასტურდა. ახლა რაღაც აჟიოტაჟის და ფაცი-ფუცის შექმნის სურვილი აქვთ, რასაც ბუნებრივია, არანაირი შედეგი არ ექნება. ეს მთავრობა წავიდეს და რა, ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილი უნდა მოვიდნენ? ისინი იმ ადამიანებზე იზრუნებენ, ვისაც წლების გამავლობაში ღირსება აჰყარეს, აწამეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს?" - აცხადებს კობახიძე.

ის, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების მოგროვებას იწყებს, გუშინდელ აქციაზე გახდა ცნობილი. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, თავდაპირველად, 60 დეპუტატია იმისთვის საჭირო, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს. შემდეგ საჭირო 75 დეპუტატის მხარდაჭერა სამი კვირის ვადაში იმისათვის, რომ პროცედურას ოფიციალურად მიეცეს მსვლელობა.

"ახალი პრემიერის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმეს პარლამენტი, აქ არის 75 ხმა საჭირო. კანდიდატურა წარედგინება პრეზიდენტს. პრეზიდენტი თუ დაეთანხმა, ის უკან დააბრუნებს პრემიერის კანდიდატურას, რომელიც მთავრობით და სამთავრობო გეგმით წარდგება პარლამენტის წინაშე და ისევ 75 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ძველი მთავრობა გათავისუფლდება და ახალი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მაგრამ თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანდიდატურას, მაშინ ახალ მთავრობას ნდობა 90-მა დეპუტატმა უნდა გამოუცხადოს" - განმარტავს მენაბდე.

კომენტარები