მთავრობის გადაყენება

კუბლაშვილი: მთავრობის გადასაყენებლად საჭირო ხმების შეგროვება იქნება მარტივი

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შემდეგი კვირიდან იწყებს კონსულტაციებს დეპუტატებთან და ხელმოწერების შეგროვებას იმისთვის, რომ პარლამენტმა მთავრობის მიმართ კანონითა და კონსტიტუციით განსაზღვრული უნდობლობის პროცდურა დაიწყოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცედურის დასაწყებად აუცილებელი ხმების შეგროვება იქნება ძალიან მარტივი და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც ხედავენ რეალურ პრობლემებს. ხედავენ, რომ კრიზისია ქვეყანაში, ეკონომიკური კრიზისი, სავალუტო კრიზისია" - თქვა კუბლაშვილმა.

ის, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების მოგროვებას იწყებს, გუშინდელ აქციაზე გახდა ცნობილი. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, თავდაპირველად, 60 დეპუტატია იმისთვის საჭირო, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს. შემდეგ საჭირო 75 დეპუტატის მხარდაჭერა სამი კვირის ვადაში იმისათვის, რომ პროცედურას ოფიციალურად მიეცეს მსვლელობა.

"ახალი პრემიერის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმეს პარლამენტი, აქ არის 75 ხმა საჭირო. კანდიდატურა წარედგინება პრეზიდენტს. პრეზიდენტი თუ დაეთანხმა, ის უკან დააბრუნებს პრემიერის კანდიდატურას, რომელიც მთავრობით და სამთავრობო გეგმით წარდგება პარლამენტის წინაშე და ისევ 75 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ძველი მთავრობა გათავისუფლდება და ახალი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მაგრამ თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანდიდატურას, მაშინ ახალ მთავრობას ნდობა 90-მა დეპუტატმა უნდა გამოუცხადოს" - განმარტავს მენაბდე.

კომენტარები