ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ ელოდება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ეს სურვილი პირველივე დღიდან აქვს პრემიერსაც და ზვიგენის პატრონსაც და ყველას, მაგრამ ამდენი წრე დამარტყეს უკვე და მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ალბათ რუსეთიდანაც აქვთ, აქამდე ვერაფერი ვერ მომიძებნეს. ახლა თუ ჰგონია პრემიერს, რომ დეფექტური სახით გამოვა და ასეთ ტონალობაში რაღაცას ამცნობს საზოგადოებას და ამას მოჰყვება ჩემ წინააღმდეგ საქმის აღძვრა, ასეთ რამეს არ ველოდები. შეუძლიათ, ეს დაივიწყონ და მიხედონ საქმეს, თუ ამის თავი აქვთ. ახლა აქვთ მათ საქმე, რომ უნდა გადადგნენ", - თქვა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, გივი თარგამაძის მიერ რუსლან ბაზიაშვილისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. მისი მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიციელისგან ინფორმაციას უკანონოდ არ მოიპოვებდეს.
19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ შსს-ს რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.





