21 მარტის აქცია

გაბაშვილი: მთავრობის გადასაყენებლად ვიწყებთ დეპუტატების მოგროვებას

geonews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების მოგროვებას. ამის შესახებ გაბაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ჩვენ დღეს ვიწყებთ და მომავალ დღეებში მთელ საქართველოში გაიმართება საპროტესტო აქციები. თბილისში, ყველა რეგიონში. ჩვენ შევქმნით სპეციალურ ანტიკორუფციულ კომიტეტებს, ჯგუფებს, რომლებიც ამხელენ ადგილებზე გუბერნატორებს, გამგებლებს იმ კორუფციაში, რომელიც ტრიალებს მთელ საქართველოში და არ მოასვენებენ ადგილობრივ გათავხედებულ ჩინოვნიკებს. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ პერამანენტულ აქციებს, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და დავიწყებთ პიკეტირებებს. პარლამენტში დავიწყებთ დეპუტატების საჭირო ხმების რაოდენობის მოგროვებას იმისთვის, რომ დავიწყოთ მთავრობის გაშვების პროცედურა პარლამენტის მეშვეობით. ეს გზა არის შეუძლებელი თქვენი ყოველდღიური, ძალიან ენერგიული და ძალიან მაგარი მხარდაჭერის გარეშე. დავდგეთ ერთად და გავუშვათ ეს მთავრობა" - მიმართა გაბაშვილმა აქციის მონაწილეებს.

"ამ გზის ბოლო არის შემდეგი - უნდა გადადგეს მთავრობა სრული შემადგენლობით, უნდა დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა, რომელიც დაიწყებს ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა და რიგგარეშე არჩევნებზე ან რიგით არჩევნებზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებზე, ჩვენ უნდა მივაღწიოთ და სამუდამოდ გავუშვათ ეს ხელისუფლება ამ ქვეყნიდან. ეს არის დიდი გზა, რომელზეც ჩვენ ერთად ვიქნებით" - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები