შსს

იზორიამ „გაარკვია“, რომ გადაცემა რეაქციაზე ზეწოლა არ ყოფილა

radiotavisupleba.ge / radiotavisupleba.ge

შინაგან საქმეთა მისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა, რომ გაარკვია, თუ რატომ თქვეს უარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღევანდელ დებატებში მონაწილეობაზე.

„თქვენ ბრძანეთ, რომ ერთგვარ მითითებას ჰქონდა ადგილი, მერწმუნეთ, მე დავაზუსტე და ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია", - მიმართა გადაცემის წამყვანს იზორიამ.

ინგა გრიგოლია დაინტერესდა, რა ფორმით გაარკვია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გადაცემის პროდუსერებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის რა მოლაპარაკებები შედგა.„რას ნიშნავს ჩემს გადაცემაზე კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან? რას ნიშნავს, გაარკვიეთ და როგორ გაარკვიეთ? მაინტერესებს, რა ფორმით გაარკვიეთ, რა მოლაპარაკებები იყო ჩვენს პროდიუსერებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის",- მიმართა გრიგოლიამ ლევან იზორიას.

იზორიას განცხადებით, „როდესაც ვიღაც განცხადებას აკეთებს, რომ ზეწოლას ახორცილებენ თქვენს საქმიანობაზე, მე ვალდებული ვარ, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომ ამ უკანონობის მიმართ მქონდეს პროტესტი და პრეტენზია".

წამყვანის თხოვნაზე, დაეზუსტებინა, თუ რა ფორმით ცდილობდა უწყება მოლაპარაკების დეტალების დაზუსტებას, იზორიამ უპასუხა, რომ ეს „პრესცენტრის მეშვეობით" მოხდა.

როგორც ამავე გადაცემაში ჩართვისას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, საყურადღებოა, რომ შს მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენელთა სატელეფონო მოლაპარაკებების დეტალები იცის და ამის თაობაზე არადამაჯერებელი პასუხები გასცა.

ბიბილაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „გაცილებით მეტ ადამიანს უსმენენ", ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.
დღევანდელ დებატებში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს არ მიუღიათ. როგორც გადაცემის დაწყებამდე ინგა გრიგოლიამ განაცხადა, მათ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის თემაზე გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს, ეს თემა არ გასუქებულიყო.

კომენტარები