თეორემა

ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და ბატუტიანი საწოლი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე, ბატონი ღარიბაშვილი იმედგაცრუებულია - ის წუხს, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის ნასროლი ქვა, ბუმერანგივით უკან უბრუნდება. განიცდის, რომ "სისხლიან 9 წელზე" აღშფოთების ნაცვლად საზოგადოების პროტესტი ამ თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების მიყვანამ გამოიწვია და არასრუწლოვანთა დასწრების ორგანიზებას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს.

ღარიბაშვილი იმედგაცრუებულია იმითაც, რომ ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული ძალადობის გამო კრიტიკა დაიმსახურა, მას არ ესმის, რატომ ვერ ხვდებიან კრიტიკოსები, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები მშვიდობიან აქციას მართავდნენ და ნაციონალებმა აიძულეს ჯოხების ქნევით სხვის საკუთრებაში ველური შეჭრა.

ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ჩვეულებისამებრ ოპტიმისტურად გამოიყურება ნოდარ ხადური. ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ თებერვალი ეკონომიკური თვალსაზრისით იმედიანი თვე იყო. არადა ეროვნული ბანკის საიტზე თუ შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ თებერვალში 13 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კრედიტის დროული გადახდა ვერ შეძლო.

ამ დღეებში გაირკვა ისიც, რომ ფინანსთა მინისტრი ბუნებით ფატალისტია - როგორც იცით, გასული დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან დაახლოებით 180 000 ლარი დახარჯა ირაკლი ღარიბაშვილისთვის რბილი ავეჯის, მათ შორის ბატუტიანი საწოლის შესაძენად.

ბუნებრივია გაჩნდა კითხვა - რატომ იხარჯება გადასახადის გადამხდელის ფული პრემიერის რბილ ავეჯში, მაშინ როდესაც გადასახადის გადამხდელთა გაღარიბების პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რაზეც ფინანსთა მინისტრისგან პასუხად მივიღეთ, რომ რბილი ავეჯის ხარჯებისგან დაზღვეული არავინაა და რომ პრემიერისთვის იტალიიდან გამოწერილი ბატუტიანი საწოლი ჩვენი ქვეყნის ცნობადობას ზრდის.

როგორც უნდა გაგიკვირდეთ, რბილი ავეჯის შეძენაც ნაციონალურ მოძრაობას დაბრალდა. პრემიერის ადმინისტრაციამ ფოტოები გამოაქვყნა იმის დასტურად, რომ კანცელარიის მე-11 სართული ნაციონალებს აუოხრებიათ და თურმე ამიტომ ვერ დაიზღვია მთავრობამ თავი რბილი ავეჯის ყიდვისგან.

თეორემას თქვენთვის სურპრიზი აქვს - თუ რომელიმე თქვენგანი დაასახელებს ერთ მოვლენას, რის გამოც ქართულმა ოცნებამ კრიტიკა დაიმსახურა და ხელისუფლებამ მას ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია არ უწოდა, საჩუქრად გადავცემთ ბატუტს.

ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და ხელისუფლების მოქმედებების ადეკვატურობაზე ვსაუბრებთ თეორემას პირველ ბლოკში.

კომენტარები