21 მარტის აქცია

ნორლანდი: ექსტრემისტები თუ ჩაიდენენ ძალადობას, ეს მხოლოდ საქართველოს ავნებს

ტაბულა

საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ 21 მარტის აქცია მშვიდობიანი იქნება. ის თვლის, რომ ნებისმიერი მხარის ექსტრემისტულ ელემენტებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, ხელი შეუშალონ მშვიდობიან დემონსტრაციას.

"ზოგადად ვიტყვი, რომ ნათელია, პოლიტიკური პარტიები ჩართული არიან დებატში და შესაძლოა, ეს დებატი ინტენსიური ხდება განსაკუთრებით 21 მარტის აქციის წინ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მათ, ვინც იღებს პასუხისმგებლობას ამ აქციაზე. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სიტყვის თავისუფლების უფლება და პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოთქმის უფლება. ნათელია, რომ მთავრობას აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა აკისრია, რათა სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს. ვხედავთ, რომ პასუხისმგებელ პირებს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში კომუნიკაცია აქვთ, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი კონტროლქვეშაა. ნებისმიერი მხარის ექსტრემისტულ ელემენტებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, ხელი შეუშალონ მშვიდობიან დემონსტრაციას", - თქვა ნორლანდმა.

ტაბულამ ელჩს ჰკითხა, როდესაც "ნებისმიერი მხარის ექსტრემისტებს" ახსენებს, ხომ არ აქვს მას ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან ძალადობაზე?

"მე ვსაუბრობდი ძალიან ზოგადი ტერმინებით. მე რეაქცია მქონდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მაქვს. ზუგდიდის ინციდენტი უნდა გამოიძიონ. ნებისმიერი ადამიანის ქმედება, ვინც ძალადობა განახორციელა, უნდა გამოიძიონ საფუძვლიანად. ჩემი კომენტარი ზოგადია, რომ ნებისმიერი მხარის ექსტრემისტებმა უნდა გაიგონ, რომ თუ ისინი ჩაიდენენ ძალადობას, ეს მხოლოდ საქართველოს ავნებს", - თქვა ნორლანდმა.

შაბათს, 21 მარტს რუსთაველის გამზირზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.

კომენტარები