თეორემა

გასაოცარი დემოკრატია მოქმედებაში, ნაწილი I

ხელისუფლება სასოწარკვეთის იმ სტადიაშია, როდესაც ყველა ნაბიჯი, რასაც საკუთარი თავის გადასარჩენად დგამს, მის წინააღმდეგ მოქმედებს. გასული კვირა ამ შთაბეჭდილების ნათელი დასტურია.

ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული აქციით დამფრთხალებმა გენიალური კონტრზომა მოიფიქრეს - ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებს დაავალეს სკოლის მასწავლებლებისთვის დაევალებინათ სკოლის მოსწავლეებისთვის იმის დავალება, რომ ბესელიას და კობახიძის ინიციატივით და საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით პოლიტპატიმრად მიჩნეული პირების მიერ გადაღებული ფილმის სანახავად წასულიყვნენ. ასე აღმოჩნდა ათობით და შეიძლება ასობით ბავშვი ქართული ოცნების პოლიტიკური დღის წესრიგის მსხვერპლი.

ფილმი პრემიერი ღარიბაშვილის სიტყვების გადამღერებას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ "ქართველი კაცის გაუპატიურება" მოიტანა.

ამ ფაქტმა მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა. ბავშვების ჩართვას პოლიტიკურ კამპანიაში ის ადამიანებიც გმობენ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობისადმი არანაირი სიმპატიით არ გამოირჩევიან.

კრიტიკის პასუხად ხელისუფლებამ არც აცია, არც აცხელა და ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა. პრემიერმაც და ვიცე პრემიერმაც განაცხადეს, რომ ეს თავისუფალი ზონის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. გასული კვირა ფიზიკური ძალადობის ფაქტებითაც გამოირჩეოდა - ბიძინა ივანიშვილის აქტივი და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებზე დაგეშეს, ვისზეც ფიზიკურად შეხება შეძლეს - შეეხნენ, ვისზეც ვერ შეძლეს - სახლები დაუჩხაპნეს.

ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლება იძულებული გახდა თავადვე გამიჯვნოდა მის მიერ ორგანიზებულ ძალადობას და მავანთა მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე ალაპარაკდა. ჩვენ შევეხმიანეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვკითხეთ, რა პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. პასუხად მივიღეთ, რომ ამას გამოძიება ადგენს.

ისმის კითხვა, თუ პროვოკაცია ჯერ დადგენილი არ აქვს გამოძიებას, რა პროვოკაციაზე საუბრობენ პრემიერი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს.

მნიშვნელოვანია კიდევ გარემოება - ადამიანები, რომლებმაც გივი თარგამაძის, მისი მეზობლების, ჩემი და ჩემი მეზობლების კერძო საკუთრება ხელჰყვეს პოლიციას არ დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იყვნენ და საღებავში ხელმოთხვრილ აქტივისტებსაც ხედავდნენ. ეს მაშინ, როდესაც პოლიციას ათეულობით აქტივისტი ყავს დაკავებული და დაჯარიმებული იმის გამო, რომ ისინი 21 მარტს წერდნენ ქუჩებში, ან უკრაინის დროშებს ხატავდნენ. ცხადია შერჩევითი სამართლის ამ სანიმუშო შემთხვევის ახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვთხოვეთ, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა ვინ ხელყო ჩვენი საკუთრება - არ გამიკვირდება, რომ შსს-ს ვერსიით ჩემი და გივი თარგამაძის სახლიც ყბადაღებული სამარ ჩოკუტაევის დაჩხაპნილი აღმოჩნდეს.

გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა - გიგი უგულავას, რომელსაც წინასწარი პატიმრობის კონსტიტუციით განსაზღვრული 9 თვიანი ვადა 2 აპრილს გასდიოდა და სასამართლო იძულებული ხდებოდა ივანიშვილის პირადი პატიმარი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა, ახალი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. შედეგად ის მივიღეთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილების უკანონობაზე ის ადამიანებიც ალაპარაკდნენ, ვინც უგულავასადმი სიმპატიებში არასოდეს ყოფილა შემჩნეული.

უგულავასთვის პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩო და დიპლომატიური მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მოქმედება უგულავას მიმართ წინასწარი პატიმრობის ლიმიტის გვერდის ავლას ჰგავს.

ქართული დემოკრატიის შემაშფოთებელ მდგომარეობასა და ოპოზიციის პოლიტიკურ დევნაზე საერთაშორისო კონსესუსის ფონზე განსაკუთრებით კომიკურად გამოიყურება ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ როდესაც მესამე და კარგ წელს გვპირდებოდა, როცა უკეთესობას ჯიბეზე ვიგრძნობდით, ის დემოკრატიის წინსვლას გულისხმობდა და არა ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. ბიძინა ივანიშვილის ჯიბემ როგორ იგრძნო ბიძინასეული დემოკრატია არ ვიცით, მაგრამ ხალხს ჯიბეში იმაზე ცოტა ფული აქვს, ვიდრე ივანიშვილის მოსვლამდე ჰქონდა - სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი გაზრდილია, ხოლო 150 ლარიანი პენსია დღეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე სამი წლის წინ 120 ლარიანი იყო.

მოკლედ, ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე ვსაუბრობთ თეორემაში - გასულ კვირაში მომხდარი ამბების კვალდაკვალ.

კომენტარები