სპეცრაზმელები

პრემიერი: უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რაც მას არ დაუგეგმავს

მთავრობის ადმინისტრაცია

"უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა; თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს გახსნაზე შეკრებილ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა პროკურატურამ თებერვლის დასაწყისში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და 11 პირი დააკავა, მათ შორის, სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მაშინ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ "დაკავებული სპეცრაზმელები მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლი გახდნენ".

დღეს კი, საქართველოს პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ ხშირად, სპეცრაზმელის და პოლიციელის საქმიანობას მოქალაქეები და პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ აფასებენ და მათი მისამართით "გაუგებარი ბრალდებები ისმის", რაც, ღარიბაშვილის აზრით, უსამართლობაა.

"უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს, არ გაუფიქრებია და ორგანიზება არ გაუკეთებია. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, რადგან ტყვიაზე მიდიხართ და საკუთარ სიცოცხლეს წირავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც ღონისძიება შეასრულა. თქვენ ხშირად არ გაქვთ ინფორმაცია, რა დავალებას ასრულებთ და პასუხისმგებელია ის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ გაძლევთ ამა თუ იმ დავალებას. ვისურვებდი, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ყველამ, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებთან ურთიერთობას, ვინაიდან თქვენ, ჯარისკაცები, ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები და ვალდებული ვართ, დაგიცვათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ პოლიციელი, სპეცსამსახურის თანამშრომელი არის ის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლების პრიორიტეტია, კიდევ უფრო გაიზარდოს და გაღრმავდეს ნდობა პოლიციას და საზოგადოებას შორის.

"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე ფორმით მოხდეს თქვენი სახელის დისკრედიტაცია და უსამართლო ბრალდებებით შემოტევა თქვენი მისამართით. თქვენ გყავთ გულწრფელი მხარდამჭერი ჩემი სახით, მინისტრის სახით. მინდა იყოთ დარწმუნებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი საქმე იყოს უფრო მეტად დაფასებული ამ ქვეყანაში. თქვენ 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენელ საქმიანობას ეწევით. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად დაიცავთ ამ რეგიონის მოსახლეობას და ამაყი ვარ", - მიმართა პრემიერმა პოლიციას. 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე 2 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალად ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის შეფასებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცრაზმელები იმიტომ დააკავეს, რომ "როგორც ჩანს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს". როგორც მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, ბრალდების მხარეს არცერთი წყარო არ დაუსახელებია და არცერთი საბუთი არ უჩვენებია.

"რომც წარმოვიდგინოთ, ერთი წუთით დავუშვათ, რომ ირაკლი ფირცხალავა დამნაშავეა და მან დანაშაულებრივი ბრძანება მისცა სპეცრაზმის წევრებს, სპეცრაზმელების დაკავება, მით უმეტეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით რა ლოგიკაში ჯდება? რა, სპეცრაზმის თანამშრომელი ვალდებულია, რომ შეისწავლოს საქმე, როცა მას ავალებენ ადამიანს ესროლოს და ნახოს, აქ რამე გადამეტებას ან შურისძიებას ხომ არ აქვს ადგილი? სპეცრაზმელი იმის სპეცრაზმელია, რომ მიიღო დავალება და შეასრულოს. ისინი იმიტომ დააკავეს, რომ, როგორც ჩანს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. განსხვავებით სხვა რეზონანსული საქმეებისგან, რომლებზეც გაუმართავთ ბრიფინგები, ახლა არც წყარო დაუსახელებით, არც რამე საბუთი უჩვენებიათ. დაიჭირეს სპეცრაზმელები იმ იმედით, რომ ამდენწლიანი პატიმრობის მუქარით ვინმე მაინც გატყდება და რამეს იტყვის, რომ ამ უაღრესად საეჭვო საქმეში რამე მტკიცებულება შექმნან", - განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულების შესახებ პროკურატურას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია.

კომენტარები