პრეზიდენტის მოხსენება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 20 მარტს გამოვა

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 20 მარტს გამოვა. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდეტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მისი გამოსვლა, ბუნებრივია, უნდა ეხმიანებოდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც საზოგადოებას ყურადღება აქვს გამახვილებული. ვეცადეთ, დღევანდელ შეხვედრაზე მაქსიმალურად ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი იმ ორგანიზაციების სპექტრი, რომლებიც მუშაობენ საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკაზე და რომელთა კვლევაშიც აღინიშნება აზრთა სხვადასხვაობა. ნამდვილად მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, ვიცოდეთ საზოგადოებაში არსებული ყველა განწყობა", - განაცხადა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა ეკონომიკურ ბლოკთან გაიმართა. დღეს გაიმართება შეხვედრა უშიშროების საბჭოშიც. 

"დღევანდელ შეხვედრაზე გაგაცნობთ იმ პრიორიტეტებს, რაც უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლაში. გვინდა, რომ ეს ყველაფერი დისკუსიაში, კამათში მოითელოს და თქვენგან მივიღოთ რეკომედაციები და შენიშვნები, ასევე კორექტივები, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - მიმართა ფხალაძემ ექსპერტებს.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტოლოგებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია, პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლისთვის მომზადება, მოხსენების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და მოსაზრებათა გაზიარება. 

კომენტარები