რომან გორიციძე

გოცირიძე: ტყემალაძემ ინტელექტბანკი გააკოტრა

თეორემა/ტაბულა

ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს, ინტელექტბანკის გაკოტრებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გოცირიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ტყემალაძემ თავის ბიზნესპარტნიორ კახა გიუაშვილთან ერთად, 26 მილიონი ლარი მიითვისა.

''ზურაბ ტყემალაძემ და კახა გიუაშვილმა ინტელექტბანკი გააკოტრეს, 26 000 000 ლარი გაფლანგეს, ფული გადაქაჩეს თავიანთ ბიზნესებში, იყიდეს უამრავი საწარმო, სასტუმროები ნავმისადგომები და ა.შ. 36 ათასი მეანაბრე და ბანკის კლიენტურა ერთ მშვენიერ დღეს დატოვეს ყოველგვარი რესურსების გარეშე'', - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, მაშინ მთავრობას უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მაშინდელ პრემიერმინისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ინტელექტბანკი, არამედ მთლიანად საბანკო სისტემა. გოცირიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ზურაბ ტყემალაძეს სურს ან საქართველოს ბანკს წაართვას ფული, ან ბიუჯეტიდან ე.წ სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში მიიღოს კომპენსაცია.

''ვერაფერს ვერ მიიღებთ, ბატონო ზურაბ, იმიტომ, რომ იქ იყო დიდი დანაშაული, იქ იყო დაკავებული ბანკის მენეჯმენტი და ბუღალტრებიც, რომლებიც ჩაითრიეს ბანკის აქციონერებმა. მათ აღიარეს, რომ ჰქონდათ ორმაგი ბალანსი, ორმაგი ბუღალტერია. ერთი ბუღალტერია - კარგი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ბანკს აწვდიდნენ, მეორე -საშინელი, სადაც გაკოტრებული ბანკის სურათი იყო აღნიშნული'', - თქვა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ინტელექტბანკი საქართველოს ბანკმა შეისყიდა.

კომენტარები