რუსულმა ტელეარხებმა ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელეს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პუტინი დღეს ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ლებედევს შეხვდა. ვიდეოჩანაწერში პუტინი მას სასამართლოს რეფორმირებაზე ესაუბრება.
რუსეთის პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა და ყაზახეთში ვიზიტი და რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. სააგენტო როიტერსი ყაზახურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ამის მიზეზი პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რუსული წყაროების ინფორმაციით, ბოლო დღეებში პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეხვედრების ფოტოები რამდენიმე დღით ადრე გამართულ შეხვედრებს ასახავდა.
პუტინის პრესმდივანი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი არასაჯარო შეხვედრებს მართავდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 16 მარტს პუტინი თავის ყირგიზ კოლეგას შეხვდება.





